„აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ სანქციებით დამუქრება არის ჩარევა ორი სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში და აშკარა, დაუფარავი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე მოსკოვსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გამო.“ -  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არ შეიძლება იყოს სხვა კვალიფიკაცია, გარდა სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევისა. ჩვენ განვიხილავთ ვაშინგტონის ასეთ მენტორულ განცხადებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში  და მესამე ქვეყნებთან მათ ურთიერთობებში ჩარევას და აშკარა ზეწოლას“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „ვაშინგტონის ქმედებებს არ აქვს გონივრული ახსნა“.

16 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. მისი აზრით, „ახლა რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების დრო არ არის“ და ფრენების აღდენა საქართველოს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს.