2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე დააინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან 1 თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის.


„თქვენ იცით ისტორია სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის. 2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე დააინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან 1 თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი. აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღდგეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ პრევენციაზე, რაც უკავშირდება სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, თითოეული დაინიცირებული კანონპროექტი ერთად წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება.

„ეს არის, სინამდვილეში „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება სხვა ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიცაა დაინიცირებული,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, იმისათვის რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი.

„კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, იმისათვის რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა მთავრობა აკეთებდა ამის საპირისპიროდ ყველაფერს, იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, ქვეყნის უსაფრთხოება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით წარმატებულები, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა მიმართული საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ. იყო პირდაპირი მოთხოვნები, მოწოდებები, პირდაპირი კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან თუმცა საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება“, - განაცხადა პრემიერმა.