„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, კონგრესმენ ჯო უილსონისა და ბრიტანელი დეპუტატის, ჯეიმს მაკკლირის მოთხოვნას და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა ქონება , რომელიც ბრიტანეთშია უნდა იყოს დაყადაღებული.
„ლონდონი არის მსოფლიოს ფინანსური ცენტრი და ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი ქონება და ანგარიშები აქვს ბრიტანეთში, მათ შორის მისი მრავალმილიონიანი ნახატების კოლექცია. ეს ქონება უნდა იყოს დაყადაღებული, ყველა მისი ანგარიში უნდა იყოს გაყინული , ვიდრე ის მოასწრებს ამ ყველაფრის გადმოტანას საქართველოში, რომელიც მან თავისი „რუსული კანონი 2-ით“ – „ოფშორების კანონით“ თავის მიერ შექმნილი საქართველოში შექმნილი ოფშორული ზონის ფარგლებში გადმოიტანა. იმედი მაქვს, რომ ის ამას ვერ მოასწრებს და ბრიტანეთი ამ ტრანზაქციებს შეუჩერებს“, - აღნიშნა გვარამიამ.
ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის წყვეტასაც.
გვარამიას შეფასებით, ბოლო ორგანიზაცია, სადაც „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი, ეს არის გაერო და თუ იქიდანაც გავა, „ საქართველო იქნება დარჩენილი რუსეთის ამარა“.
„საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ იყოს, შეესაბამება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს ყველა დანარჩენ საკითხში. სად დარჩა „ქართული ოცნება“, მოდი , ეს შეკითხვა დავსვათ? ვისთან ინარჩუნებს კომუნიკაციას? მგონი, ბოლო ორგანიცა, სადაც „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი, არის გაერო, იქიდანაც თუ გავა საქართველო იქნება დარჩენილი რუსეთის ამარა. რეალურად, ყველა დემოკრატიული, ევროპული ორგანიზაციიდან „ქართული ოცნება“ არის გარიყული და თავად იძახის, რომ თავად ტოვებს ამ ორგანიზაციებს, კი არ ტოვებს - აგდებენ. საქართველო ამ პროცესის ნაწილად რჩება, საბოლოო ჯამში ეს უფლებამოსილება აღდგება მაშინ, როგორც კი „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნიდან გადაშენდება“,- განაცხადა გვარამიამ.