საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართველებს დედა ენის დღეს ულოცავს.
„ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს!
ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ”, - წერია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დედაენის დღეს X-ის გვერდზე ეხმაურება.
„ევროკავშირი უერთდება 14 აპრილის – დედაენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი ენის უნიკალურობა, რომელიც საქართველოში განათლებისა და კულტურის საფუძველია“,- აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, მაგრამ, სახალხო პროტესტის ფონზე, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო და საკავშირო ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველოს ახალ კონსტიტუციაში შეეტანა მუხლი ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესახებ.
ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა.