რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით,

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურმა შაბათს, აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუნბას ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შედეგების შემდეგ იტყობინება.

„ვიცე პრეზიდენტის სახელით თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და აფხაზეთის რესპუბლიკის პროკურატურის პერსონალი გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა გააძლიეროს კონტროლი მდინარე ინგურსა და ფსოუს გასწვრივ სასაზღვრო პუნქტებზე და დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყველა ობიექტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციაში არსებულმა გარემოებებმა შეიძლება გამოიწვიოს გარე საფრთხეების გაძლიერება და აფხაზეთის ტერიტორიაზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა. გუნბამ გამოთქვა რწმენა, რომ „რუსეთის ფედერაციაში ვითარება კანონის შესაბამისად მოგვარდება“.