რუსეთის მიერ ჰუმანიტარული მიწოდების ფარგლებში გამოყოფილი ელექტროენერგიის მოცულობა აფხაზეთს ორი თვის განმავლობაში დააკმაყოფილებს. ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მოსკოვის დროით დღეს, დილის 7:00 საათზე დაიწყო. მოცულობა 327 მილიონი კვტ/სთ-ს შეადგენს, რაც აფხაზეთის მოსახლეობას იანვარსა და თებერვალში ეყოფა. თუმცა ამისათვის არსებული გრაფიკი უნდა შენარჩუნდეს. გრაფიკის მიხედვით, ელექტროენერგია დღის განმავლობაში ოთხი საათით ითიშება.
„ამჟამად არის გამორთვის გრაფიკი დღეში ოთხი საათის განმავლობაში. ორი საათით ღამით და ორი საათით დღის განმავლობაში. მიწოდებული ენერგიის მოცულობა უნდა იყოს საკმარისი იანვრისა და თებერვლისთვის ელექტროენერგიის გათიშვის მიმდინარე გრაფიკით“, - განმარტავენ ენერგეტიკულ კომპანიაში.
აფხაზეთმა რუსეთისგან 2025 წლისთვის 327 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდება ჯერ კიდევ ოქტომბერში მოითხოვა. თუმცა, 18 დეკემბრისთვის რუსული მხარისგან დადასტურება მიღებული არ იყო. 21 დეკემბერს ოკუპირებულმა რეგიონმა რუსეთს კიდევ ერთხელ მიმართა და ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება ითხოვა. ითქვა, რომ აფხაზეთი ,,ჰუმანიტარული ტაკასტროფის’’ წინაშე აღმოჩნდებოდა, რადგან ელექტროენერგია 9-11 საათით გაითიშებოდა.
საპასუხოდ კრემლში განაცხადეს, რომ აუცილებლად უპასუხებდნენ აფხაზეთის მოთხოვნას. „ჩვენ ვუსურვებთ მათ სტაბილურობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას. ბუნებრივია, ჩვენთან ერთად“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ოკუპირებულ რეგიონში ნოემბრიდან აპრილამდე, თითქმის ყოველწლიურად ელექტროენერგიის დეფიციტია. დეფიციტს აფხაზეთი ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან ავსებს, თუმცა 11 დეკემბერს ,,ჩერნომორენერგომ’’ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზე ჩავიდა და წყლის არასაკმარისი შემოდინების გამო, ენგურჰესმა ელექტროენერგიის მიწოდება შეამცირა.
ელექტროენერგიის დეფიციტის დასაფარად აფხაზეთი იძულებულია ის რუსეთიდან შეიტანოს, მაგრამ დამატებითი ნაკადისთვის თანხები 2024 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. 2025 წლისთვის აფხაზეთმა რუსეთისგან დაახლოებით 1,4 მილიარდი რუბლის ღირებულების ელექტროენერგიის უფასო მიწოდება მოითხოვა. ეს მოცულობა საკმარისი იქნებოდა სამი თვის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თუმცა რეგიონში ყოველ 24 საათში ელექტროენერგია ოთხი საათის განმავლობაში ჩაქრება.