აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა.
როგორც მან პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში “ქართულ ოცნებას” მიმართა, კანდიდატი უკეთესად უნდა შეერჩია.
მისი შეფასებით, ყაველაშვილის წარდგენით “ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც.
მარშანიას ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, ამიტომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს.
„უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ”,- განაცხადა ადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის არჩევნებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორი დეპუტატი არ მონაწილეობს - დეპუტატები, ზურაბ ჯგუბურია და თემურ ჟვანია, ბოიკოტს აცხადებენ.
დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს. კენჭისყრა 9 საათიდან დაიწყო და 14 საათამდე უნდა დასრულდეს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: - პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი - სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები - „დიპლომი ყაველაშვილს“.