ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველას ბანკებთან, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ფულადი ვალდებულება აქვს. ამიტომ, როცა „კომერსანტის დილის“ საავტორო რუბრიკისთვის ხანდაზმული სესხების თემა შევარჩიე, ვხვდებოდი, რომ მსმენელთა დიდი ნაწილი დაინტერესდებოდა.  თუმცა ამდენ კითხვასაც არ ველოდი პირდაპირი ეთერისა თუ მისი დასრულების შემდეგ. კომერსანტის მსმენელმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საბანკო სესხის ხანდაზმულობასა თუ ფინანსურ ბიუროებზე, რომლებიც ვადაგადაცილებული სესხების გაცოცხლებასა და ვალის ამოღებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ. შეუძლებელია პირდაპირ ეთერში,  15 წუთი იყოს  საკმარისი, რომ ასეთი ვრცელი თემა სრულად ამოწურო.  ამიტომ მეტი განმარტება ბლოგის ფორმატში გადავწყვიტე, რაც მჯერა ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ უფრო გამოადგებათ.

სად ვუშვებთ შეცდომას?

უპირველესად, რაც სესხის აღებისას გვაინტერესებს:

  • რა თანხა გვექნება შესატანი თვიურად?
  • რა პროცენტში ვსესხულობთ თანხას?

 ამ ორ კითხვაზე პასუხი,  ბევრისთვის სამწუხაროდ საკმარისი ხდება სესხის ხელშეკრულებას ხელი წაუკითხავად მოაწეროს.  და აქედან იწყება პრობლემებიც.

ხელშეკრულებაში არის თავი - „მხარეთა პასუხისმგებლობა“. ამ თავში დეტალურად არის გაწერილი, რა იქნება ჯარიმის ოდენობა, თუ სესხის გადახდის ვადას გადავაცილებთ, რამდენია პირგასამტეხლოს ყოველდღიური საურავი და ზოგადად, რა ხდება, თუ სესხს თავის დროზე არ გადაიხდით. მოკლედ, ამ თავშია თავმოყრილი ყველა მოსალოდნელი სანქცია. ყურადღებით თუ წაიკითხავთ, სამომავლო საფრთხეებსაც განსაზღვრავთ.

მორალურ პასუხისმგებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხელშეკრულება გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ფულადი ვალდებულება გადავიხადოთ და ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითაც რეგულირდება. თუმცა, ყველაფერი ხდება და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვეღარ შევძლოთ. ასეთ დროს, ბანკი, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რეგულარულად გვიკავშირდება, გვაფრთხილებს, ჯარიმას გვაკისრებს, ბოლოს კი სასამართლოს მიმართავს ხოლმე. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ორგანიზაციას საქმე სასამართლომდე საკმაოდ გვიან მიჰყავს და მსესხებელს უკვე ხანდაზმული სესხის დაბრუნებას სთხოვს.

როდიდან ითვლება სესხი ხანდაზმულად?

თუკი ვალდებულების შესრულების დადგომიდან გასულია 3 წელი, ან/და მეტი, სესხი ხანდაზმულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად,  ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყება. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა მსესხებელმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად,

სესხის ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მსესხებელს უწევდა შენატანი, ან სესხის დაფარვა და მან ეს არ გააკეთა.

მაგალითად, თუ მსესხებელს სესხის შენატანის გადახდა უწევდა 2021 წლის 1  იანვარს და შენატანი არ გადაიხადა, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება მომდევნო დღიდან, ანუ 2021 წლის 2 იანვრიდან და გაგრძელდება 2024 წლის 2 იანვრამდე. ამ პერიოდში კრედიტორს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმოქმედოს მისი დარღვეული უფლების აღსადგენად. თუ არ ისარგებლა, სესხი ავტომატურად ხანდაზმულია.

როგორ  უნდა ვცნოთ სესხი ხანდაზმულად?

მიუხედავად იმისა, რომ სესხი ხანდაზმულია, საკრედიტო კომპანიას, ბანკი იქნება ეს თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არ ეზღუდება უფლება მოითხოვოს სესხის დაბრუნება.  ის უფლებამოსილია  სასამართლოსაც მიმართოს.

თუ სესხი ხანდაზმულია, მოვალეს უფლება ენიჭება თანხის გადახდაზე უარი განაცხადოს. ხანდაზმულობის მოტივითვე შეუძლია  არ დათანმხდეს სარჩელს. შეგვიძლია, მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ, რომ ჩვენი სესხი ხანდაზმულად ცნოს.

თუკი ბანკები, ან სხვა ფინანსური ბიუროები  სესხის გადახდას მაინც მოგვთხოვენ,

პასუხი მარტივია - ჩემი სესხი ხანდაზმულია.

მაგალითი თვალსაჩინოებისთვის ჩემი, როგორც იურისტის, პირადი პრაქტიკიდან:

გიზიარებთ შემთხვევას, რომელიც ჩემს კლიენტს სულ ცოტა ხნის წინ გადახდა თავს. ის 2010 წლიდან ფლობდა ერთ-ერთი ბანკის საკრედიტო ბარათს, რომლის დავალიანების სრულად დასაფარად 132 ლარი უნდა შეეტანა. იმ პერიოდში უმუშევარი დარჩა და თანხის დაბრუნება ვეღარ შეძლო. 11 წლის შემდეგ, დაუკავშირდა ფინანსური ბიურო და უხეში, შეურაცხყმყოფელი ტონით მოსთხოვა 18 449 ლარის დაბრუნება. ადვილი წარმოსადგენია, ამხელა თანხის გაგონებაზე ჩემი კლიენტი როგორ შეშფოთდებოდა.  გაოცებას ვერ მალავდა.  ფინანსური ბიუროს თანამშრომელი კი ისევ უხეში მომთხოვნი ტონით არწმუნებდა: 2011 წლიდან 2022 წლამდე პირგასამტეხლო დაგროვდა და ამ 11 წლის მანძილზე 132 ლარი 18 449 ლარამდე გაიზარდაო.

ეს ყოვლად დაუშვებელია.  საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციით, ნებისმიერ სესხზე  ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებს, უფლება აქვთ, მოვალეს  დააკისრონ მხოლოდ 180 დღის პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. 180 დღე კი დაახლოებით 6 თვეა და არა  11 წელი.

არავის მისცეთ უფლება დაგაკისროთ უკანონო  ჯარიმები!

ხანდაზმულ სესხებზე ამდენი სულაც არ მისაუბრია იმიტომ, რომ ვინმეს მოვუწოდო, ვადაგადაცილებული სესხები არ გადაიხადოს. სესხის გასტუმრება რომ მორალითაც და კანონითაც გვეკისრება, ეს თავშივე ვახსენე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს წლების განმავლობაში უკანონო ჯარიმები დაგვაკისროს, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ან დაგვაშინოს.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რისი უფლება და ვალდებულება გვაქვს, რომ საკუთარი თავი უკეთ დავიცვათ.