ფასეულობებზე დამყარებული მსოფლიო, წარსულს ბარდება. აწი - ყველამ თავის თავს უნდა უპატრონოს. ამ კონტექსტში საქართველოს ბედი კიდევ უფრო ბნელი ჩანს, ვიდრე აქამდე, - ამის შესახებ ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჟურნალისტი წერს, ყველამ უნდა შევიგნოთ ერთი ძალიან ცუდი და ჩვენთვის შესაძლოა ფატალური ჭეშმარიტება, რომ მსოფლიო მოწყობის ის მოდელი, რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთ და ნორმად მივიჩნევთ - სინამდვილეში უფრო გამონაკლისია.
„10 000 წელი არსებობს ორგანიზებული კაცობრიობა, და მთელი ეს 10 000 წელი ყველა ტომი, ერი, შემდეგ კი ქვეყანა, საკუთარ თავზე პასუხს თავად აგებდა. თუ ვინმე ვინმეს ეხმარებოდა - ეს იყო რაღაც მერკანტილური ინტერესიდან გამომდინარე. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ხარკის მიღება, სატრანსპორტო მარშრუტები, ბუნებრივი რესურსები, და ა.შ.
10 000 წელიწადი არსებობდა სამყარო, სადაც ნომერ პირველი იყო ინტერესი და მოგება, სხვა ყველაფერი იყო მეორე პლანზე.
სამყარო, სადაც დიდი ქვეყნები ეხმარებიან პატარებს და სუსტებს არა პირადი მოგების, არამედ ჰუმანიზმის, და ფასეულობების გამო - ეს სამყარო მხოლოდ 50 წლისაა, მაქსიმუმ, შეიძლება არც კი.
ვინმეს შეეძლო იმის წარმოდგენა სულ რაღაცა 70 წლის წინ, რომ მთელი მსოფლიო ააგროვებდა ფულს აფრიკაში მოშიმშილე ბავშვების დასახმარებლად? ან უარს იტყოდა იაფ ბუნებრივ რესურსზე იმის გამო რომ რომელიღაცა ქვეყანა თავის მეზობელს ბომბავს? წარმოგიდგენიათ სამყარო, სადაც ევროპისთვის შესაძლოა იყო მომგებიანი საქართველოზე გამავალი ლოგისტიკური მარშრუტები, მაგრამ თბილისი მაინც გაერიყათ იმის გამო, რომ ბიძინა ცუდათ იქცევა?
ზოგადად, სამყარო, სადაც ხელისუფალის საქციელი ვინმეს ადარდებს თუ ეს კონკრეტულად ვიღაცას არ ეხება - ეს სამყარო სულ 50 წლისაა.
50 წელი - 10 000 წლის წინააღმდეგ, დღეს არ ხდება არაფერი სასწაული - უბრალოდ სრულდება ფასეულობებზე დაფუძნებული რომანტიკული ეპოქის სამყარო.ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ პაკისტანელმა მიგრანტებმა 1915 წელს გააუპატიურეს ინგლისელი გოგო - დაგლიჯავდნენ ამ პაკისტანელს ნაწილ-ნაწილ, მერე იმ ქალაქში მცხოვრებ პაკისტანელებს. ყველას, ერთად ჩაყრიდნენ გემზე, გამოყრიდნენ უკაცრიელ კუნძულზე და დაიკიდებდნენ. დღეს სამყარო ნელა-ნელა უბრუნდება იმ, ბუნებრივ, ველურ მდგომარეობას. ხვალ-ზეგ ეს პროცესი მხოლოდ გაძლიერდება, და ამას მრავალი ინდიკატორით დავინახავთ.
მაგალითად, ამერიკამ უკვე შეწყვიტა სხვადასხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, მალე მას ევროპაც მიყვება.
არც ესაა გასაკვირი - სიტყვა "გრანტი" - ვინ იცოდა 40 წლის წინ? რა ნჯო, რი ნჯო, ვინ დახარჯავდა ფულს იმაში, რომ საქართველოში ქმრებმა ცოლები არ მოკლან? არ კიდია ცალ ფეხზე ინგლისელს ქართველი ქალების ბედი? ფასეულობებზე დამყარებული მსოფლიო, როგორც ადამიანის ცხოველური ბუნების საწინააღმდეგო ანომალია, წარსულს ბარდება. აწი - ყველამ თავის თავს უნდა უპატრონოს.
ამ კონტექსტში საქართველოს ბედი კიდევ უფრო ბნელი ჩანს, ვიდრე იყო აქამდე“, - წერს თენგიზ აბლოთია.