ევროკომისიამ ვებ 4 სტრატეგია დაამტკიცა. რა არის ვებ 4 და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.

ლევან ბოძაშვილი, ტექნოლოგისტი: ვებ 4 მეოთხე თაობის ინტერნეტია, რომელიც განსხვავებით წინა სამისგან, სრულიად ახალ რეალობას გვთავაზობს. ეს რეალობა არსებითად ცვლის ადამიანის ცხოვრების სტილსა და აღქმასაც კი. ე.წ. გაჯეტიზაციამ - სმარტფონები, სოცქსელები, ბლოგები და ვლოგები და მსგავსი, ამჟამინდელი და მომავალი თაობების მიერ სამყაროს აღქმადობა მთლიანად შეცვალა. მაგალითად, თუ წინა თაობები უპირატესობას რეალური წიგნის კითხვას ანიჭებდა და უჭირდა და უჭირს ციფრულზე გადასვლა, ახალი თაობების პრიორიტეტი მეტწილად ციფრულია. ვირტუალურ სამყაროზე დამოკიდებულება სრულიად ცვლის ადამიანის ცხოვრების სტილს, აღქმას, ფსიქიკასა და საქმიანობას. გაჩნდა ისეთი ფენომენი, როგორიცაა ციფრული ალტერ ეგო, ანუ პიროვნების ციფრული იდენტობა და ციფრული აღქმადობა - მაგალითად თუ ადამიანები ვირტუალ სამყაროში ვერ გხედავენ, უკვე ფიქრობენ რომ არ არსებობ, არ ახსენდები და ეს ნეტდამოკიდებულება იქამდეა მისული, რომ შეიძლება საკმაოდ ახლობელი ადამიანის დაბადების დღეც არ გაგახსენდეს თუ ქსელმა არ შეგახსენა. გაჩნდა ციფრული უფლებები და ევროკავშირმა მთელი დეკლარაცია მიიღო ციფრულ უფლებებზე. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის მიერ მანიპულირებისგან თავისუფლების უფლება. დღეს მედიის მიერ წარმოებული მასალების უმეტესობა თანდათან ემყარება ხელინტის მიერ გენერირებულ შინაარსს, სადაც მანიპულირება სრულიად ვერ გამოირიცხება. მანიპულირება კი ადამიანის ნების შეზღუდვა, პიროვნების მართვაა და მე თუ მკითხავთ მასიური, საზოგადოებრივი გამოყენების თვალსაზრისით ის დასჯადიც კი უნდა იყოს, რადგან ის პიროვნების ნებას და საზოგადოებრივი თვალსაზრისით სუვერენიტეტსაც კი ზღუდავს. დღეს უკვე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი თაობები აღქმადობის თვალსაზრისით აღარ ეკუთვნის საკუთარ სახელმწიფოს, ის ტრანსნაციონალური, გლობალური ვირტუალური და კორპორატიული სამყაროს ინდივიდია უფრო და ეს ტენდენცია შეუქცევადია. ამიტომაც არის, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ყველა ბოლოდროინდელი სტრატეგია თუ რეგულირება ემყარება ერთ მთავარ პრინციპს - არ შეიზღუდოს ევროკავშირისა და ევროპელთა სუვერენიტეტი დიდი ტექ კორპორაციების გეომეტრიულად მზარდი ძალაუფლების მიერ. ეს ეხება ეროვნულ ვალუტებსაც კი. 

ვებ 4 მოიცავს რამდენიმე რევოლუციურ ასპექტს. ესენია:

1. ვირტუალური სამყაროები ანუ მეტავერსი, რომლის გამოყენებასაც ადამიანები დაიწყებენ ყოველდღიურად მაქსიმუმ 4-5 წელიწადში, 2. ფიზიკური და ვირტუალური ობიექტებისა და ლოკაციების დაკავშირება, ასლების შექმნა, გამოყენება და მონეტიზაცია;

3. გაფართოებული რეალობების გამოყენება და

4. რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, თუმცა სწორედ ამიტომაც რევოლუციური, - ადამიანსა და ალგორითმებს შორის ცერებრალური კავშირების დამყარება, რომლის დროსაც ინტერნეტში კომუნიკაცია მხოლოდ საკუთარი ფიქრების გაზიარებითაც კი იქნება შესაძლებელი. 

აქვს თუ არა ზემოხსენებულს ეკონომიკური ეფექტი, რას მოიტანს ვებ4 და ზოგადად ეს ცვლილებები

ლევან ბოძაშვილი, ტექნოლოგისტი: ზემოაღნიშნულის გარდა, ამ ყველაფერს სწორედაც რომ დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება. კონკრეტულად მეტავერსის საერთო კაპიტალიზაცია მომდევნო წლებში 800 მილიარდიდან რამდენიმე ტრილიონს მიაღწევს, ხოლო მასში დასაქმებულთა რაოდენობა მილიონობით განისაზღვრება. ამას გარდა, მას აქვს განსაკუთრებული ეკონომიკური და ტექნოლოგიური ეფექტი ისეთი სფეროებისთვის, როგორიც არის ელექტრონული კომერცია და მედიცინა, განათლება და ტურიზმი. მაგალითად, ახლახანს დავიწყეთ შოპინგ მოლების მეტავერსიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს ფიზიკურად მოლში მისვლის გარეშე შეუძლია დაათვალიეროს, მოიზომოს და შეიძინოს ყველა პროდუქტი, რაც კი მოლში იმ მომენტისთვის არსებობს, საკუთარ სახლში სარკის წინ. ასევე სასტუმროს დაჯავშნამდე დაათვალიეროს სასტუმროს ყველა დეტალი და ოთახი, გარემო და მიმდებარე ლოკაციები, ტურისტული ობიექტები და დააგემოვნოს ღვინოც კი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა სისწრაფით აუწყობს ამ ყველაფერს ქვეყანა ფეხს. 

ეკონომიკური ეფექტიც სწორედ მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია ევროკავშირის მხრიდან ამ სტრატეგიის მიღებისა.