„მეტყველება გამიძნელდა, თავბრუ მეხვეოდა, კიდურებს ვეღარ ვიმორჩილებდი.... ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ისე სწრაფად განვითარდა, რომ ვერაფერი მოვიმოქმედე.“
ასე იწყებს საკუთარი ამბის თხრობას ინსულტს გადარჩენილი ჩვენი კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც დღეს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს თავს. გელა ბერიკაშვილი ჰყვება, რომ მწვავე სიმპტომების მიუხედავად ვერ მიხვდა, ინსულტთან რომ ჰქონდა საქმე: „არადა, თურმე დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია...“
ინსულტის ნიშნების მქონე მამაკაცი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მოხვედრისთანავე ნევროლოგების გუნდმა შეამოწმა. პაციენტის მდგომარეობა მწვავედ შეფასდა - მას ნევროლოგიური დეფიციტი აღენიშნებოდა. ნევროლოგებმა - დალი მებონიამ და ნონა შარაშენიძემ თრომბოლიზური თერაპიის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს და პაციენტი მწვავე სისხლძარღვოვან განყოფილებაში მოათავსეს.
პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა პროცედურა, რომელიც თავის ტვინის მომმარაგებელ სისხლძარღვში არსებული თრომბის დაშლას ინტრავენურად, მედიკამენტის შეყვანით გულისხმობს. შედეგად ხორციელდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს პათოლოგიის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას.
გელა ბერიკაშვილს გაუმართლა, რომ დროულად მოხდა ჰოსპიტალში, სადაც ინსულტის სპეციალიზებული მკურნალობა ხორციელდება. მოკლე დროში დაწყებულმა მკურნალობამ საუკეთესო შედეგი გამოიღო და პაციენტი ბინაზე ყოველგვარი ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, გამოჯანმრთელებული გაეწერა.