მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინის ახალი ტიპი, რომლის ძირითადი კომპონენტი, პირველად ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიგეგმა.


მკვლევრების თქმით, ეს მიდგომა ვაქცინების განვითარების ახალ მიმართულებას ქმნის, რომელიც ებრძვის არსებულ ვირუსებს და უზრუნველყოფს უფრო ფართო დაცვას მომავალი პანდემიებისგან.

AI-მ გააანალიზა სხვადასხვა კორონავირუსის გენეტიკური მონაცემები და შექმნა ე.წ. „სუპერ-ანტიგენი“ კომპონენტი, რომელიც შეიძლება იმუნურ სისტემას დაეხმაროს ვირუსების მთელი ოჯახების ამოცნობაში, მათ შორის იმ ვარიანტების, რომლებიც მომავალში შეიძლება წარმოიქმნას.


პირველი კლინიკური ცდები ჩატარდა მცირე ჯგუფზე და უსაფრთხოების შეფასებაზე იყო ფოკუსირებული. პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი კვლევები იმუნური პასუხის უფრო დეტალურად შესაფასებლად.

კვლევა ჩატარდა NIHR-ის (დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის კვლევების ეროვნული ინსტიტუტი) საუთჰემპტონის კლინიკური კვლევების ცენტრსა და კემბრიჯის კლინიკური კვლევების ცენტრში.

კემბრიჯის კლინიკური კვლევების ცენტრის საიტზე (cambridgecrf.nihr.ac.uk) განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკურ კვლევაში მონაწილეობდა 39 ჯანმრთელი მოხალისე. მათ გამოსცადეს ვაქცინა, რომელიც შექმნილია სხვადასხვა სახის კორონავირუსისგან დასაცავად. ამ ჯგუფში შედის ბუნებაში გავრცელებული მრავალი კორონავირუსი, მათ შორის SARS-CoV-2, რომელმაც COVID-19-ის პანდემია გამოიწვია.


კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინამ მოხალისეებში იმუნური პასუხი გამოიწვია არა მხოლოდ SARS-CoV-2-ისა და SARS-ის, არამედ მათთან მონათესავე  კორონავირუსების მიმართაც, რომელიც ღამურებშია გავრცელებული. მეცნიერების შეფასებით, ასეთმა ვირუსებმა მომავალში შესაძლოა ცხოველებიდან ადამიანებზე გადასვლის უნარი შეიძინონ და ახალი პანდემიების მიზეზად იქცნენ.


ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებზე გამოსცადეს ვაქცინა, რომლის აქტიური კომპონენტი მთლიანად კომპიუტერული მოდელირების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა.
კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Journal of Infection-ში გამოქვეყნდა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან ჰინი, რომელიც კვლევის სამეცნიერო ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ მათი შექმნილი ვაქცინები ვირუსებისგან დაცვას მაშინაც გააგრძელებს, როდესაც ისინი მუტაციას განიცდიან და ახალ შტამებად გარდაიქმნებიან.


„ჩვენ დავძლიეთ ტრადიციული ვაქცინების მთავარი პრობლემა — მათი დაცვის შეზღუდული უნარი. ეს ნიშნავს, რომ აღარ მოგვიწევს ადამიანებში გავრცელებული ვირუსის ახალი ვარიანტების მუდმივი დევნა და ვაქცინების განუწყვეტლივ განახლება, თითქოს ძაღლი საკუთარ კუდს დასდევდეს,“ - აღნიშნა მან.

კორონავირუსული ვაქცინის უნივერსალური ანტიგენის შესაქმნელად მკვლევრებმა მსოფლიოში არსებული ზედამხედველობის პროგრამების ფარგლებში შეგროვებული მონაცემი გამოიყენეს.

შემდეგ, შექმნეს ე.წ. „სუპერანტიგენი“, რომელიც აერთიანებს ამ ვირუსების მთელი ჯგუფისთვის საერთო ანტიგენურ მახასიათებლებს, მათ შორის იმ ვირუსებისასაც, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილან.


კვლევის მთავარი მკვლევარი პროფესორი სოლ ფაუსტი აცხადებს:

„გრიპის, კორონავირუსებისა და ებოლას ჯგუფის ვირუსები მუდმივად იცვლება. ხშირად, როდესაც ვაქცინები ფართოდ ინერგება, ისინი უკვე სრულად აღარ შეესაბამება იმ დროისთვის გავრცელებულ ვირუსებს. ვაქცინების შექმნის მოქმედი, რეაქტიული სისტემა ამ ცვლილებებს ფეხს ვეღარ უწყობს.
უნივერსალური ვაქცინების ეს ახალი კლასი მომავალზეა გათვლილი. ისინი ერთდროულად უზრუნველყოფენ დაცვას მრავალი ვარიანტისგან და, პოტენციურად, იმ მონათესავე ვირუსებისგანაც, რომლებიც ჯერ არ გავრცელებულან და ადამიანებზე ჯერ არ გადასულან.


თუ ამ ახალი ტიპის ვაქცინების შემუშავებასა და კლინიკურ განვითარებას ვირუსის გავრცელებამდე მოვასწრებთ, შესაძლებელი იქნება მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილება და ეკონომიკის დაცვა,“ - განაცხადა ფაუსტმა.

თუმცა, სანამ ვაქცინა ფართო საზოგადოებრივი გამოყენებისთვის იქნება მზად, საჭიროა მისი შემდგომი განვითარება. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი მეორე ფაზის უფრო ფართო კლინიკური კვლევა შეაფასებს, რამდენად შეუძლია ვაქცინას იმუნური პასუხის გამოწვევა უფრო მრავალფეროვან და ფართო ჯგუფში, ასევე - რამდენად ძლიერ და ფართო დამცავ იმუნურ რეაქციას წარმოქმნის ის.

jandacva.ge