ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 1500 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მშენებლობა იგეგმება - ამას ითვალისწინებს კომპანია "გლობალ პარკინგის" პროექტი, რომელიც შესათანხმებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გაეგზავნა.

პროექტი სტეფანწმინდის სამხრეთით სახელმწიფოს კუთვნილ 136,549 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განხორციელდეს, რომელიც საკადასტრო მონაცემების თანახმად, 2022 წლიდან აღნაგობის ხელშეკრულებით არის გადაცემული კომპანია "გლობალ პარკინგზე".

კომპანიის მიერ წარდგენილი კვლევის თანახმად, მშენებლობისთვის შერჩეული ნაკვეთები სტაბილურია და არ ექვემდებარება ღვარცოფულ ან მეწყრულ პროცესებს.

არსებული მდგომარეობით, ზემო ლარსის საზღვართან ახალი საპარკინგე სივრცის მოწყობა საჭიროა, რაც გაზრდილ სატრანსპორტო ნაკადებს, მათ შორის ცენტრალურ აზიაში გაზრდილ ავტოექსპორტს უკავშირდება, რადგანაც აღნიშნულ ქვეყნებში ავტომობილები სწორედ ლარსის საზღვრიდან იგზავნება.

წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი ხელს შეუწყობს:

  • ტურიზმის სექტორის განვითარებას – მაღალი გამტარუნარიანობის პარკინგი უზრუნველყოფს უფრო კომფორტულ ლოგისტიკას და გადაადგილებას ყაზბეგში.
  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას – ახალი კომპლექსი მოიხსნის საავტომობილო მოძრაობის გადატვირთულობის პრობლემას.
  • ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას – ტურისტული ნაკადების ზრდა ხელს შეუწყობს ყაზბეგში კაფე-რესტორნებისა და სასტუმროების შემოსავლების ზრდას.

კომპანია "გლობალ პარკინგის" ამონაწერის თანახმად, კომპანია 2022 წელს არის რეგისტრირებული, მისი 100%-ის მფლობელია ბიზნესმენი ივანე ყამარაული.

bm.ge