“თავისუფლად შეიძლება ქობულეთი, ფოთი დავაკავშიროთ ერთმანეთს ბათუმთან” - ამის შესახებ ბათუმის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებს. ზღვისპირა ქალაქის განვითარების კონცეფცია მათ შორის საზღვაო სატრანსპორტო მიმართულებების განვითარებას განიხილავს.

ქალაქის გენერალური გეგმის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბათუმმა უნდა შეიძინოს სხვა საქალაქო ფუნქციები, რომელიც ეკონომიკური სფეროს დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. სითი ინსტიტუტში ერთ–ერთ ლოგიკურ და პერსპექტიულ მიმართულებად ე.წ. “ლურჯი ეკონომიკის” და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საქმიანობის განვითარებას მიიჩნევენ. ლურჯი ეკონომიკა პირველ რიგში ქალაქის საზღვაო–საპორტო ფუნქციის შენარჩუნება–განვითარებას გულისხმობს და ბათუმისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებად მოიაზრება სანაპირო და საზღვაო ტურიზმის განვითარება.

“სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, რომ აღდგეს საზღვაო კავშირები. თავისუფლად შეიძლება ქობულეთი, ფოთი დავაკავშიროთ ერთმანეთს ბათუმთან. იმასაც ვფიქრობთ, რომ მომავალში შეიძლება თურქეთისკენაც იყოს ამგვარი მიმოსვლა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს ცალკე დასამუშავებელი თემებია, თუმცა ჩვენ ვეხებით ამ საკითხს.

მართალია არ არის ბათუმის გენერალური გეგმის საკითხი, თუმცა იმისთვის, რომ ხელშეწყობა იყოს, გვინდა დავაფიქროთ ამაზე ქალაქის მესვეურები, თუ ცენტრალური ხელისუფლება და ამას ვაკეთებთ”,-განაცხადა მამუკა სალუქვაძემ bm.ge-სთან.