თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ 47 მლნ ლარიან ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ "დაგმა" მიიღო მონაწილეობა. სამშენებლო კომპანია დედაქალაქის მთავრობას სატენდერო სამუშაოების შესრულებას 31 870 000 ლარად სთავაზობს.
სატენდერო პირობების თანახმად, შერჩეულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 760 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს, ხოლო პროექტირება-ექსპერტიზა 270 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
ტენდერში ასევე მოთხოვნილია შემდეგი პირობები: მონაწილეობის მსურველ კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 26 მილიონი ლარის ღირებულების რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის გამოცდილება. ამასთან, ერთ დასრულებულ პროექტში არანაკლებ 7,850,000 ლარის სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, ხოლო შადრევნების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის კუთხით არანაკლებ 1 000 000 ლარის გამოცდილება უნდა წარადგინონ. შერჩეულმა კომპანიამ შესრულებული სამუშაოების (მათ შორის დეკორატიული სანათების) საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 2 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს.
თბილისის მერიის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყო და 28 მარტს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47 მლნ ლარია. დაფინანსება თბილისის ბიუჯეტიდან სამი წელზე ეტაპობრივადაა გაწერილი:
- 2025 წელი - 10 000 000 ლარი;
- 2026 წელი - 18 000 000 ლარი;
- 2027 წელი - 19 000 000 ლარი.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია:
- არსებული შადრევნებისა და კასკადის პირვანდელი ვიზუალის აღდგენა;
- ჰიდროიზოლაციის გაუმჯობესება;
- ელექტროენერგიის დამზოგველი განათების სისტემის დამონტაჟება;
- წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემების სრული განახლება;
- სამშენებლო სამუშაოების საქართველოს მოქმედი ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით განხორციელება;
- ობიექტის ექსპლუატაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
პროექტში ასევე გათვალისწინებულია ვიდეომეთვალყურეობის, ელექტრომომარაგების, საკანალიზაციო სისტემებისა და სეისმომედეგი კონსტრუქციების უზრუნველყოფა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს ტენდერი გაუმჭვირვალეა. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ ტენდერში კონკრეტული დეტალები მითითებული არ არის, რაც მისივე შეფასებით, თბილისის მერიას მანიპულაციების სივრცეს უტოვებს. ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კახა კალაძის უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ვადებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, სწორედ ამიტომ ბესო დონაძე ამბობს, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა წარიმართოს.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების წინა ტენდერთან შედარებით, ახლანდელი ტენდერის თანხა 4-ჯერ არის გაზრდილი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს უჩენს ეჭვებს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებებს ეხება.
ამავე პოზიციას იზიარებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ტატა ხვედელიანი, რომელიც ასევე კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს.
"ბევრი გამოცხადებული ტენდერების ანალიზების შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი დაინტერესება, რაც თბილისის მერიას კახი კალაძის მეთაურობით აქვს, ეს არის კორუფციული სქემები, რომელშიც ისინი ჩართულები არიან. სხვა ინტერესები მათ არ ამოძრავებთ. შესაბამისად, რჩება უსაფრთხოებრივი კომპონენტი ესე ღიად და ამას არავინ არ ამოწმებს და დგება ის შედეგები, რაც გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ", -ამბობს ტატა ხვედელიანი.