უკრაინის ნავსადგურები, მიუხედავად შავი ზღვის საზღვაო დერეფნების ბლოკირების, კომერციულ გემებზე თავდასხმებისა და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სისტემატური დაზიანებისა, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რჩება. როგორც TCRC-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაზიანდა ან ნაწილობრივ განადგურდა 1 173 სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ობიექტი და 274 სამოქალაქო გემი, რამაც უკრაინა მძიმე საზღვაო-სატრანსპორტო და საექსპორტო ლოგისტიკური შეზღუდვების პირობებში მოაქცია.

TCRC-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინის ნავსადგურებში 46 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა. აქედან 42.2 მლნ ტონა დიდი ოდესის ნავსადგურებზე — ოდესაზე, ჩორნომორსკსა და პივდენიზე, ხოლო 3.8 მლნ ტონა დუნაის ნავსადგურებზე — იზმაილზე, რენისა და უსტ-დუნაისკზე მოდიოდა. მიმოხილვის თანახმად, უკრაინის ნავსადგურების ტვირთბრუნვა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ომამდელ მაჩვენებელს: 2021 წელს ის 153.3 მლნ ტონას შეადგენდა, 2022 წელს კი 59 მლნ ტონამდე შემცირდა. შემდგომი აღდგენის შედეგად, 2024 წელს ტვირთბრუნვამ 97 მლნ ტონას მიაღწია.

TCRC-ის შეფასებით, უკრაინის საზღვაო ექსპორტის ძირითად საყრდენად აგროსასურსათო პროდუქცია რჩება. 2026 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობამ 23.6 მლნ ტონა, რკინის მადნისამ კი 12 მლნ ტონა შეადგინა. ამასთან, 2023 წლის შემოდგომიდან მოქმედი უკრაინის საზღვაო დერეფნით, მიმოხილვის მიხედვით, ჯამურად 200 მლნ ტონა ტვირთია გადაზიდული, საიდანაც 118 მლნ ტონა მარცვლეულია. თუმცა, 2026 წლის აგვისტოში რუსეთის თავდასხმების გაძლიერებამ ოდესის, ჩორნომორსკისა და პივდენის ნავსადგურების მუშაობა ფაქტობრივად შეაფერხა, განსაკუთრებით მარცვლეულის, ზეთოვანი კულტურებისა და ლითონის ექსპორტის მიმართულებით.

როგორც TCRC-ის მიმოხილვაშია ნათქვამი, საზღვაო გადაზიდვების შეფერხების გამო უკრაინა იძულებულია, საექსპორტო ტვირთების ნაწილი ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაამისამართოს. ასეთ მიმართულებებს შორისაა დუნაის ნავსადგურები, რუმინეთის სახმელეთო დერეფანი და კონსტანცის ნავსადგური, მოლდოვის სატრანზიტო მარშრუტი, ასევე პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის სარკინიგზო და საავტომობილო გადასასვლელები. მიმოხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუმინეთს, რომელსაც დუნაის სანაოსნო სისტემა, კონსტანცის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და განვითარებული სარკინიგზო ქსელი აქვს. უკრაინიდან ხორბლის ნაწილი რუმინეთში ბარჟებით გადააქვთ, შემდეგ კი გალაციდან კონსტანცის მიმართულებით ან სხვა საექსპორტო ბაზრებზე იგზავნება.

TCRC-ის ინფორმაციით, უკრაინის საექსპორტო ლოგისტიკას დამატებით პრობლემებს უქმნის ბუნებრივი პირობებიც. 2026 წლის ზაფხულში დუნაიზე გვალვის გამო წყლის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, რის შედეგადაც აგვისტოს ბოლოს სულინას არხის შესასვლელთან 80 გემი ელოდებოდა გავლას. TCRC-ის შეფასებით, უკრაინის საზღვაო ნავსადგურები მუდმივი სამხედრო საფრთხის პირობებში აგრძელებენ მუშაობას და, მიუხედავად შეზღუდვებისა, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და საექსპორტო პოტენციალის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ.