აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება რუსული დიზელის ამერიკულ ბაზარზე მიწოდების შესახებ შესაძლოა ჩაიშალოს. როგორც Financial Times წერს, აშშ-ისკენ მიმავალი რუსული საწვავით დატვირთული სამი ტანკერიდან ორმა მარშრუტი უკვე შეცვალა, რაც გარიგების განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსულმა ტანკერმა Talisman-მა ატლანტის ოკეანის ნაცვლად ხმელთაშუა ზღვისკენ აიღო გეზი და ამჟამად ალჟირის სანაპიროსთან იმყოფება. მეორე ტანკერმა, ჰონგ-კონგური კომპანიის კუთვნილმა Leruo-მ, 2 ნოემბერს დანიშნულების ადგილად ბრაზილია მიუთითა. ორივე გემი ევროკავშირის სანქციების ქვეშაა. Talisman-ის მიერ გადაცემული სტატუსი „ბრძანების მოლოდინში“ მიუთითებს, რომ ტვირთის საბოლოო მყიდველი ან გადმოტვირთვის პორტი ჯერ განსაზღვრული არ არის.
მესამე ტანკერი Agioi Fanendes-ი ამ დროისთვის კვლავ აშშ-ის მიმართულებით მოძრაობს და ნიუ-იორკში ჩასვლას შაბათ-კვირას ელოდებიან. თუმცა, გემიც სტატუსს „ბრძანების მოლოდინში“ გადასცემს, რაც მისი საბოლოო დანიშნულების პორტის დაუდასტურებლობაზე მიუთითებს. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის წარმომადგენელ მეთ სმიტის შეფასებით, ამერიკელი მყიდველების სიფრთხილის მიზეზი სამართლებრივი, მარეგულირებელი და სანქციებთან დაკავშირებული რისკებია. მისი ვარაუდით, შესაძლოა ამ ტანკერმაც შეცვალოს მარშრუტი.
ამასთან, აშშ-ის ატლანტიკის სანაპიროსკენ კიდევ ერთი ტანკერი, Beast-ი მიემართება, რომელიც 27 ოქტომბერს რუსეთის პრიმორსკის პორტში დაიტვირთა. შესაბამისად, რუსული დიზელის ამერიკაში მიწოდების საკითხი მხოლოდ ლოგისტიკურ პრობლემას არ უკავშირდება — გარიგებას პოლიტიკური და სამართლებრივი წინააღმდეგობებიც ახლავს. აშშ-ში რუსული საწვავის მიღების შესაძლებლობას პოლიტიკოსები და მარეგულირებელი რისკები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შეთანხმების შესახებ ოქტომბერში განაცხადა. მისი გეგმით, რუსეთს თავდაპირველად 300 000 ტონა დიზელი უნდა მიეწოდებინა, რასაც ნოემბერში დამატებით 500 000 ტონა მოჰყვებოდა. შეთანხმებას აშშ-ში პოლიტიკური წინააღმდეგობა შეხვდა: ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა მიკი შერილმა პორტებისა და ტერმინალების ოპერატორები გააფრთხილა, რომ რუსული საწვავის მიღებას შესაძლოა სამართლებრივი სანქციები და ფინანსური ჯარიმები მოჰყოლოდა. ამასთან, აშშ-ის კონგრესშიც გარიგებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესწავლა იგეგმება.