საქართველოში, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში, განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი იზრდება.
მაგალითისთვის, ეკონომიკის სამინისტროში შესული 435 განაცხადიდან: მზის ენერგიას (მესი) – 241 განაცხადი შეეხებოდა, 133- ჰიდროს (ჰესი), ხოლო 61 განაცხადი ქესის (ქარის ენერგია).
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას შეფასებით განახლებადი ენერგიის მიმართ დაინტერესება მართლაც მზარდია და საქართველოს დიდი პოტენციალიც აქვს, თუმცა, როგორც ის „კომერსანტთან“ ამბობს, ცვლადი ენერგიების (ქესი და მესი) დისპეტჩერიზაციისთვის მანევრული სადგურების არსებობა აუცილებელია. მირცხულავა მიიჩნევს, რომ მანევრული სადგურების მხრივ, საქართველოში დეფიციტი უკვე არსებობს, რაც განსაკუთრებით მზის ენერგიას შეეხება.
„განახლებადი ენერგიების მიმართულებით საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ქარის მხრივ, 1300 მეგავატამდე ენერგია გაგვაჩნია, დაახლოებით 700-800 მეგავატამდე მზის ენერგია.
თუმცა, ეს მარტივი საკითხი არ არის: ამდენი მზისა და ქარის ინტეგრაცია, მათი ცვლადი ბუნებიდან გამომდინარე აუცილებლად მოითხოვს მანევრულ სადგურებს. ამიტომაც არის მუდმივი საუბარი იმაზე, რომ ჰიდროსადგურებითა და დიდი პროექტებით ჰიდროაკუმულაცია აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
ეს გამოწვევა გლობალურია და ენერგეტიკის სფეროში საკმაოდ მწვავედ დგას. განახლებადი ენერგიების ინტეგრაცია იწვევს იმის აუცილებლობას, რომ სარეზერვო სიმძლავრეები გვქონდეს. სარეზერვო სიმძლავრის მისაღებად რამდენიმე საშუალება არსებობს: ჰიდროსადგურების წყალსაცავები, ჰიდროაკუმლაცია და ბატარეები.
დღეს დგას აუცილებლობა, რომ თუ გვინდა, განახლებადი ენერგიების მიმართულებით განვვითარდეთ, სარეზერვო სიმძლავრეები უნდა გვქონდეს. ეს ცვლადი ენერგიები კონტროლირებული და მართვადი იყოს, რათა მომხმარებელთან სტანდარტული პარამეტრების ენერგია მივიდეს. ეს ყველაფერი დისპეტჩერიზაციისც(მართვის მხრივ) უზარმაზარი გამოწვევაა, რისი გაადვილებაც მხოლოდ მანევრული ტიპის სადგურების არსებობით შეიძლება. ქსანსა და სამხრეთ საქართველოში იგეგმება მზის ბატარეების დადგმა, მაგრამ საერთო ჯამში ამ ტიპის მანევრული სადგურების დეფიციტი უკვე აშკარად გვაქვს“,- აღნიშნა დავით მირცხულავამ.