წყალტუბოში წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობა უკვე ფუნქციონირებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს  (SIDA) გრანტითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტს, ჯამში, 12 მილიონი ლარი მოხმარდა.

ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით. მდინარეში ჩამდინარე წყალი, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ბიოლოგიურად გაიწმინდება და გაიფილტრება, რაც გადაჭრის მდინარეების დაბინძურების მრავალწლიან პრობლემას.

იმერეთში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებიც.  სულ, ხორციელდება მილიარდ ლარზე მეტის 20-მდე  პროექტი. სამუშაოების  დასრულების შემდეგ, 90 000 ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით.

„წყალტუბოს წყალარინების ახალი გამწმენდი ნაგებობა თანამედროვე სტანდარტის ობიექტია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც არსებულ, ისე უახლოესი პერსპექტივის მოთხოვნას. ობიექტი გაფართოვდება ფაზებად, დატვირთვის და მოხმარების ზრდასთან ერთად. ასევე, შენდება წყალტუბოსა და სამი სოფლის წყალარინების ქსელი და მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის გაფართოებისა და გამრიცხველიანების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რითაც გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება,“ - განაცხადა  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ იმერეთის ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შედეგად, 200 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც აქედან 160 000 ადამიანს არასოდეს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება.