„წინა კვარტლებთან შედარებით, გაცილებით გაუმჯობესდა საერთო ფონი უძრავი ქონების ბაზარზე და მოთხოვნა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა“ - ამის შესახებ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ვაჟა მებაღიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მებაღიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად გაყიდვების დასტაბილურებისა, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არ არის ისეთ პიკურ მაჩვენებელზე, როგორიც იყო წინა პერიოდებში. ამავდროულად, პრემიალური კლასის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია, ხოლო ბიუჯეტურ ქონებაზე გაზრდილი.

„მოთხოვნა არ არის ისეთ პიკურ ნიშნულზე, როგორიც გვახსოვს წინა პერიოდებში, მაგრამ, ასე თუ ისე, გააქტიურდა ბაზარი. თუ შევხედავთ რა ტიპის უძრავ ქონებაზე არის მოთხოვნა, აქაც შეგვიძლია გავმიჯნოთ პრემიალური და ბიუჯეტური ქონებები. პრემიალურ კლასზე მეტ-ნაკლებად შემცირდა მოთხოვნა; ვხედავთ, რომ პრემიალურ ნაწილში მშენებლობები ვითარდება და გაზრდილია ნებართვებიც, მშენებლობები აქტიურია და არის მოთხოვნა, თუმცა, უფრო ნაკლები, ვიდრე ბიუჯეტურ უძრავ ქონებაზე.


მოთხოვნა ამჟამად უფრო აქტიურია ბიუჯეტურ უძრავ ქონებაზე. ვხედავთ, რომ აქტიურად მიდის მშენებლობები თბილისის პერიფერიებში და ამანაც ერთგვარი ბიძგი მისცა იმას, რომ გაიზარდა მოთხოვნა. ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია თბილისის შემოგარენში და არის მომხმარებელთა დაკვეთაც. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ პერიფერიებში შედარებით ბიუჯეტურია უძრავი ქონება. ამ ტიპის ქონებაზე მოთხოვნა არის როგორც ადგილობრივების მხრიდან, ასევე არიან ისეთი ტიპის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც იაფად ეძებენ უძრავ ქონებას“, - აღნიშნავს მებაღიშვილი.

როგორც მანვე დასძინა, ბიუჯეტურ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არის როგორც ადგილობრივების, ასევე ჩინეთისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან.

„უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრი კომპანიების ნაწილი მუშაობს ბიუჯეტური ტიპის უძრავ ქონებაზე და როგორც აღნიშნავენ, ძირითადი მოთხოვნა მოდის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და სხვათა შორის, ფიქსირდება მოთხოვნა ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან, თუმცა, მკვეთრად აქტიურად არა“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი