რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავრცელებს.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება ახლახან დასრულდა. ის მალე შევა ძალაში. ვულოცავ ორივე მხარეს ამ შეთანხმების მიღწევას. შესაძლოა, ეს იყოს რაიმე დიდის დასაწყისი?“, – წერს ტრამპი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსულ მხარეს სამხედრო ტყვეთა სია გადასცა, რომელთა გაცვლაც „1000-1000-ზე“ ფორმულით იგეგმება.
ომის დაწყებიდან ტყვეთა ყველაზე მასშტაბურ გაცვლაზე რუსული და უკრაინული მხარეები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ. როდის მოხდება გაცვლა, ჯერ უცნობია.