Kass Land-ში ("კასლენდ დაიმონდ რეზორტი") ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად 25%-ით იზრდება, - ამის შესახებ Kass Land-ის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ერთდღიანი ტურის ფარგლებში მისული ტურისტების რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.

"ვიზიტორთა შორის, ზაფხულის სეზონზე საქართველოს მოქალაქეები ჭარბობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ წელიწადის ყველა დროს ვიზიტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს. წელს ტურისტების დიდი ნაკადი განსაკუთრებით აზიიდან აღინიშნება. მათ შორის, არიან ინდოეთიდან, საამიროებიდან და ა.შ. ჩვენი მიზანია ყველა ვინც საქართველოში ჩამოვა  კმაყოფილი იყოს. შესაბამისად, ჩვენი ლოკაციის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. 

საქართველოს ეკო ტურიზმის განვითარების კუთხით უდიდესი პოტენციალი აქვს და ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი უნიკალური სტუმართმოყვარეობა და კულტურული მემკვიდრეობა. რეგიონში ჩვენ ფაქტობრივად ახალი ტურისტული მიმართულება შევქმენით, რამაც ხელი შეუწყო ინვესტიციების განხორციელებას . ძალიან მალე ბირთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ საინტერესო ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.  თითოეული ასეთი პროექტი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ჩვენთან ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის განსხვავებულია. საქართველოს მოქალაქეებისთვის სერვისების ფასები თითქმის 50%-იანი ფასდაკლებით არის, ხოლო უცხოელებისთვის არსებული ფასები აბსოლუტურად მისაღებია. ვცდილობთ, რომ ის სერვისი და მომსახურება, რომელსაც ვიზიტორები ადგილზე მიიღებენ ფასის პროპორციული იყოს", - აცხადებს ეკატერინე თორდია.

მისივე ინფორმაციით, კომპანია მუდმივად ცდილობს  საქართველოს მოქალაქეებს და კორპორატიულ ჯგუფებს განსაკუთრებული შეთავაზებები შესთავაზოს, თუმცა ეს გრანდიოზული და მასშტაბური ინვესტიცია ქმნის საჭიროებას, რომ ბიზნესმა შესაბამისი უკუგება ნახოს.

ცნობისთვის, "კასლენდ დაიმონდ რეზორტი" 2022 წელს გაიხსნა, რომლის საინვესტიციო მოცულობაც 120 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნულ თანხაში არ შედიოდა სასტუმროსთვის გამოყოფილი $20 მლნ-იანი  ინვესტიცია.

bp.ge