საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, თბილისში, ახალი ეროვნული სტადიონის ასაშენებლად, ამ დროისთვის, 265 000 კვ.მ მიწის ფართობი გამოისყიდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფონდიდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების ფართობი დაახლოებით 5000 კვ.მ-ს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება გამოსყიდვის პროცედურის დასრულების შემდგომ დაიწყება.

„ამ ეტაპზე, ფონდის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მიმდინარეობს უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები. აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის გამოსყიდული/ სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი შეადგენს დაახლოებით 265 000 კვ.მ-ს, ხოლო გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების ფართობი დაახლოებით - 5000 კვ.მ-ს. ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ დაიწყება პროექტთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისში, ახალი 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის აშენება იგეგმება. ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება. პროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. არსებული ინფორმაციით, ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი შეიქმნება. ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება. ახალი ეროვნული სტადიონისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ფართობი სულ 270 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.