თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობაზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი 14 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. სატენდერო წინადადებების მიღების თავდაპირველ ვადად 6 აგვისტო იყო განსაზღვრული.

საერთაშორისო ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 19 ივნისს გამოაცხადა. შესყიდვა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს.

მე-4 ლოტის სიგრძე დაახლოებით 8.7 კილომეტრია. ის თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში, აეროპორტიდან ლოჭინის მიმართულებით არსებული გზა 3+3 ზოლამდე გაფართოვდება, დანარჩენი მონაკვეთი კი ორმხრივ მაგისტრალად მოეწყობა. გზის საპროექტო სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება. მშენებლობის ვადა სამუშაოების დაწყებიდან 30 თვეს შეადგენს.

რაც შეეხება მე-5 ლოტს, მისი სიგრძე დაახლოებით 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის ყველაზე სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს. გზა დედაქალაქის აღმოსავლეთ მხარეს, ურბანული ტერიტორიის გარშემო გაივლის და რუსთავსა და თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს შორის სწრაფ კავშირს უზრუნველყოფს.

პროექტის მიხედვით, მე-5 ლოტზე მოეწყობა ორმხრივი, ორზოლიანი ავტომაგისტრალი, თითოეული ზოლის სიგანე 3.75 მეტრი იქნება, ხოლო საპროექტო სიჩქარე — 120 კმ/სთ. მონაკვეთი ასევე მოიცავს სამ ორმაგ ხიდს, თითოეული მიმართულებისთვის, და სამ ერთმაგ ხიდს მეორეხარისხოვან გზებსა და გზაჯვარედინებზე. პროექტით გათვალისწინებულია ორი მრავალდონიანი გზაგამყოფი კვანძის მოწყობაც.

მე-5 ლოტის მშენებლობის ვადა სამუშაოების დაწყებიდან 20 თვეა.

თბილისის შემოვლითი გზის აღნიშნული მონაკვეთები აზიის განვითარების ბანკის (ADB) კრედიტით დაფინანსდება. მე-4 და მე-5 ლოტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 250 მილიონი დოლარია.

თბილისის შემოვლითი გზა, რომელიც ნატახტარს/წიწამურს რუსთავთან დააკავშირებს, ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრის სიგრძის იქნება და რამდენიმე ლოტად განხორციელდება. პროექტის მე-2 და მე-3 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები ასევე მიმდინარეობს.