დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,  „თბილსერვის ჯგუფი“ სასაფლაოების მიმდებარედ ნარჩენებისთვის სპეციალურ  კონტეინერებს განათავსებს.

„ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მოსამზადებელ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ. კერძოდ, მიმდინარეობს სასაფლაოების მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ პერიოდში სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. პროცესში ჩართულნი არიან „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობენ.  დღესასწაულის დღეებში, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში განთავსდება ნარჩენებისთვის სპეციალური  კონტეინერებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სასაფლაოებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდა შპს „ეკოსერვის ჯგუფიც“.

„ტერიტორიები გაიწმინდა წაქცეული ხეებისა და მომტვრეული ტოტებისგან. ამ ეტაპზე, ხორციელდება მათი სპეციალური ტექნიკით დამუშავება და გატანა. ასევე, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროების მიხედვით, სასაფლაოებთან მისასვლელ და შიდა გზებს აწესრიგებენ. გარდა ამისა, დღესასწაულის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და ჭირისუფალთა სასაფლაოებზე მისვლის ინტენსივობიდან გამომდინარე, მობილიზებულია შპს „ჰერმესის“ გუნდი, რათა სასაფლაოების ტერიტორია იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. ვთხოვთ ყველა მოქალაქეს/ჭირისუფალს, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად შევინარჩუნოთ ტერიტორიებზე სისუფთავე. არ დავტოვოთ ნარჩენები ტერიტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე და გამოვიყენოთ სპეციალურად განთავსებული ურნები. სასაფლაოებზე სისუფთავის დაცვა ჩვენი საერთო ვალდებულებაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს