საქალაქო სასამართლოში (ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმიდან ცალკე გამოყოფილი) დავით და გიორგი მიქაძეების საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. პროკურატურა მათ მკვლელობის დაგეგმვასა და ორგანიზებას ედავება.
ამ ერთ-ერთი რეზონანსული საქმის ირგვლივ არაერთი კითხვა დაგროვდა. მტკიცებულებების სანდოობიდან დაწყებული, გამოძიების მიმართულებით დასრულებული.
რა დგას რეალურად ბრალდების უკან და რამდენად მყარად არის აგებული მისი კონსტრუქცია? რას ვერ ამტკიცებს პროკურატურა და რატომ არ დევს მტკიცებულებები საქმეში ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ საქმის ადვოკატთან ზვიად კორძაძესთან, რომელიც დეტალურად ხსნის იმ წინააღმდეგობებსა და სამართლებრივ პრობლემებს, რაც ამ საქმეში იკვეთება.
რა არის დანაშაულის მოტივი და შეძლო თუ არა ბრალდებამ მისი გამოკვეთა და მტკიცებულებებით გამყარება?
ბრალდების ოფიციალური ვერსიით, მიქაძეებსა და ლევან ჯანგველაძეს შორის არსებობდა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული უთანხმოება, რაც საბოლოოდ მკვლელობის ორგანიზების საფუძვლად იქცა. ლოგიკურია: თუ არსებობს კონფლიქტი, არსებობს მოტივიც. მაგრამ სწორედ აქ ინგრევა ბრალდების ვერსია. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი ხელშეკრულება, არც ფინანსური ურთიერთობის დამადასტურებელი მონაცემი, რომელიც აჩვენებდა, რომ მხარეები იყვნენ ერთიან ეკონომიკურ სივრცეში კონკურენციაში, ან რაიმე ფორმით ინტერესთა გადაკვეთაში.
პირიქით, მოწმეების, მიხეილ ბერძენიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას ჩვენებები, საპირისპირო სურათს იძლევა: ლევან ჯანგველაძეს ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა მოსკოვში, მაშინ როდესაც მიქაძეებს რუსეთში ბიზნესი საერთოდ არ ჰქონდათ. მიხეილ ბერძენიშვილი ვერ ასახელებს კონკრეტულად რა იყო დავის საგანი, რა ინტერესები ეჯახებოდა ერთმანეთს და რაში მდგომარეობდა რეალური დაპირისპირება. ასეთ პირობებში, ბიზნესკონფლიქტის იდეა არა დადასტურებული, არამედ მხოლოდ სქემის შესავსებად გამოყენებული თეორიაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მთავარ კითხვაზე „რატომ?“ მკაფიო პასუხი არ არსებობს.
საიდან და როგორ შემოვიდნენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში მიქაძეები და რამდენი ვერსია არსებობს საქმეში?
მოტივის სუსტი მხარე მხოლოდ მტკიცებულების ნაკლებობა არ არის. საქმეში უფრო მძიმე პრობლემაც არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები.
ბრალდების ოფიციალური ფორმულირება ბიზნესდაპირისპირებაზე მიანიშნებს, მაგრამ საქმის მასალებში არსებობს დეტექტივ რომიკო გოგიაშვილის პატაკი, რომელიც შედგენილია ანონიმურ წყაროზე გასაუბრების შემდეგ და გადმოსცემს მის სიტყვებს, სადაც უკვე სრულიად სხვა სცენარია წარმოდგენილი: თითქოს მიქაძეები ანგარიშსწორებას ვერ ბედავდნენ და გადაწყვეტილება მკვლელობაზე მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ირაკლი უსოიანმა მათ ეს ქმედება შურისძიების მიზნით, 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაუკვეთა.
ამ ორი ვერსიის თანაარსებობა შემთხვევითი უზუსტობა არ არის, ეს არის ბრალდების კრიზისი. გამოძიებას ჰქონდა ვალდებულება, შეესწავლა ყველა ალტერნატიული ვერსია, თუმცა ეს არ გაკეთდა. არ არის დაკითხული ირაკლი უსოიანი, არ არის გადამოწმებული ფინანსური ინფორმაცია, არ არის ჩატარებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მით უფრო, რომ ბრალდების ვერსიები ეყრდნობა ანონიმურ წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაცია, რომლის გადამოწმების პროცესულადური შესაძლებლობა დაცვას არ გააჩნია. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ სტანდარტს, რომელიც განსაზღვრულია როგორც კანონით, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკით, რომ განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს სანდო და თანხვედრილ მტკიცებულებებს.
მნიშვნელოვანია მკაფიოდ ითქვას: დაცვა არ დავობს იმაზე, მოხდა თუ არა მკვლელობა. ეს ფაქტი დადგენილია. დავის საგანია სრულიად სხვა საკითხი, დასტურდება თუ არა, რომ დავით და გიორგი მიქაძეები იყვნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები. ეს პრინციპულია - საქმე ეხება ბრალდების დამტკიცების სტანდარტს.
მოტივის პრობლემა, რომ დროებით გვერდზე გადავდოთ, ბრალდების შემდეგ მნიშვნელოვან რგოლზე, წინასწარ შეთანხმებაზე არის რაიმე სახის მტკიცებულება?
არა, „წინასწარი შეთანხმების“ დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. პროკურატურის ვერსიით, დავით და გიორგი მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძეს გააჩნდეს მკვლელობის გეგმა და მისგან თანხმობაც მიიღეს. თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად რეალურად წარმოდგენილია მხოლოდ სასტუმრო „თბილისი თაუერში“ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ფიქსირდება შეხვედრა და არა შეთანხმება. ამ ვიდეოჩანაწერში არ ისმის საუბრის შინაარსი და არ დასტურდება დანაშაულზე მსჯელობა. ჩანაწერი მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს. ამავე დროს, ბრალდების ვერსია თვითონვე ქმნის ლოგიკურ წინააღმდეგობას. რთულია დავიჯეროთ, რომ ასეთი მძიმე და კონსპირაციული დანაშაული იგეგმება ღია სივრცეში, კამერების ქვეშ. აქ აუცილებელია მკაფიო ხაზგასმა: შეხვედრის ფაქტი არ არის მტკიცებულება, თუ არ დგინდება მისი შინაარსი, მიზანი და კონტექსტი.
რითი დგინდება და მტკიცდება, რომ ეს დანაშაული ჩადენილია „სხვა პირთა შეკვეთით“?
არ არის დადგენილი არც ერთი კონკრეტული დამკვეთი, არ არის დასახელებული არც ერთი პირი, არ არსებობს კომუნიკაცია და არც ფინანსური კვალი. ანუ, „სხვა პირთა შეკვეთა“ რჩება მხოლოდ ფორმულირებად, რომელსაც მტკიცებულებითი შინაარსი არ გააჩნია.
ამასთან, როდესაც საქმეში ჩნდება კონკრეტული ალტერნატიული ვერსია (ირაკლი უსოიანის მითითებით), მაგრამ გამოძიება მას საერთოდ არ ამუშავებს, ეს კიდევ უფრო აძლიერებს გონივრულ ეჭვს.
შემდეგი რგოლი, გელა უძილაური. რამდენად დასაბუთებულია მისი შერჩევა როგორც შემსრულებლის?
თუ საქმე ეხება წინასწარ დაგეგმილ, კონსპირაციულ დანაშაულს, გაუგებარია რატომ უნდა შეირჩეს ისეთი პირი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია გიორგი ჯოხაძესთან, მისის დაცვის ყოფილი წევრი. ვინ უკვეთავს მკვლელობას საკუთარი დაცვის წევრს? ამასთან, საუბარია მკვლელის „მფარველობაზე“, თითქოსდა უძილაურს მიღებული ქონდა გარანტია, რომ ,,მიხედავდნენ”. თუმცა რეალობა საპირისპიროა, უძილაური დააკავეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ანუ თუ არსებობდა გარანტია, რატომ არ მოხდა მისი რეალიზება? ან თუ პირობა რა შესრულდა, რატომ არ ასახელებს უძილაური მიქაძეებს როგორც შემკვეთს? პირიქით მან სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მიქაძეებს არ იცნობს, მათგან არავითარი გადაკვეთა არ მიუღია და რომ მასზე პატიმრობაში ხორციელდებოდა წეზოლა, რომ ხელი დაედო მიქაძეებზე, როგორც მკვლელობის შემკვეთებზე. ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს, რაც აჩვენებს, რომ ბრალდების ეს ნაწილი ეფუძნება დაშვებებს და არა მტკიცებულებებს.
ასეთი საქმეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ფინანსური ნაწილია. რას გვაჩვენებს ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში?
ბრალდების კონსტრუქცია აქაც სუსტია. არ არის მითითებული არც თანხა, არც გადაცემის ფორმა და არც ფაქტობრივი გადახდა. პროკურატურა მიუთითებს ჯოხაძის მიერ უძილაურისთვის, როგორც დაცვის წევრისთვის ხელფასის სახით გადახდილ თანხაზე, თუმცა ისინი ატარებს რეგულარულ ხასიათს და შეესაბამება სახელფასო ანაზღაურებას, არა და ვერ იქნება გასამრჯელო მკვლელობისათვის.
აქაც ჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ შეიძლება მკვლელობის საფასური ირიცხებოდეს ყოველთვიურად, როგორც ხელფასი? ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ფინანსური ვერსია ვერ უძლებს კრიტიკას.
კითხვა: რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდების საკითხს, რას ადგენს გამოძიება, ვინ, ვის და როგორ მიაწოდა ინფორმაცია?
ბრალდებას არ აქვს არანაირი კონკრეტიკა - არც კომუნიკაცია, არც ჩანაწერები, არც მიმოწერა. უცნობია, როგორ მივიდა ინფორმაცია ბრალდებულებამდე და როგორ გადაეცა შემდგომ მკვლელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრალდება აქაც ქმნის არა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ჯაჭვს, არამედ ვარაუდების ჯაჭვს.
სასამართლო პროცესიდან გამოსული ადვოკატები ხშირად საუბრობდნენ საქმეში არსებულ უხეშ პროცედურულ დარღვევებზე. რა გავლენას ახდენს გამოძიების პროცესში მტკიცებულებების დაგვიანებული ამოღება და ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების არგანხორციელება საქმის შეფასებაზე?
• ჯანგველაძის მძღოლის, გია ჩადუნელის, რომელიც თან ახლდა გარდაცვლილს მკვლელობისასა, ტელეფონი, გამოძიებამ 1 თვის შემდეგ ამოიღო;
• კახა ძანძავას ტელეფონი, რომელიც მკვლელობის დღეს თან ახლდა ჯანგველაძეს, გამოძიებამ 5 თვის შემდეგ ამოიღო;
• გამოძიებამ სასტუმრო ,,ამბასადორის” კამერებს, სადაც იმ დღეებში ცხოვრობდა ჯანგველაძე, მიაკითხა მაშინ, როცა უკვე წაშლილი იყო;
• გამოძიებას საერთოდ არ დაინტერესდა აეროპორტის კამერებით, იქნებ თებერვალსა და მარტში მოკლულს ასევე უთვალთვალებდნენ;
• რაცია, რომელიც ჰქონდა გია ჩადუნელს, ამოიღეს ერთი თვის შემდეგ;
• ვერსია ,,საბერძნეთში მცხოვრები კანონიერი ქურდების შურისძიებაზე” საერთოდ არ გამოიძიეს, სად იყო გელა უძილაური საბერძნეთში და ვისთან, ამ დრომდე დაუდგენელია;
• გამოძიებამ გამოითხოვა ინფორმაცია ვინ იმგზავრა გელა უძულაურთან ერთად და ასევე, ვინ მგზავრობდა ჯანგველაძესთან ერთად მოსკოვიდან თბილისამდე, გამოითხოვეს ინფორმაცია, მაგრამ არ გაარკვიეს ვინ იყვნენ ეს ადამიანები;
• ერთ-ერთი ფიგურანტის, გიორგი კაჭკაჭაშვილის ტელეფონიდან ვიდეოჩანაწერი ამოიღეს ოთხნიშნა პაროლის შეყვანით, მაშინ როცა ტელეფონს ედო ექვსნიშნა უსაფრთხოების კოდი, როგორ მოხდა ეს?
საქმეში დაფიქსირებული გარემოებები მიუთითებს სისტემურ და თანმიმდევრულ პროცედურულ ხარვეზებზე, რომლებიც ეხება როგორც მტკიცებულებების დროულ მოპოვებას, ისე მათი შენარჩუნებისა და ალტერნატიული ვერსიების სრულყოფილად გამოძიების ვალდებულებას. შესაბამისად, საქმე ეხება არა ცალკეულ ტექნიკურ ხარვეზებს, არამედ გარემოებათა ერთობლიობას, რომელიც არღვევს მტკიცებულებების სანდოობის სტანდარტს, ქმნის მნიშვნელოვან ინფორმაციულ ვაკუუმს და აჩენს გონივრულ ეჭვს გამოძიების სრულყოფილებასთან დაკავშირებით.
- სასამართლო განხილვებისას მტკიცებულების სანდოობასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ნაწილში აღინიშნა პრობლემა, ეს ეხებოდა ანონიმური წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციას…
საქმეში დევს რამდენიმე ანონიმური წყაროს ინფორმაცია. ერთი, რომელიც საჯარო „ფეისბუქ“ სტატუსით დანაშაულის ვერსიას ავრცელებს და მეორე - ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობილი პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის პატაკი, რომელიც ასევე დანაშაულის ვერსიაზე მიუთითებს.
საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული ანონიმური ბოტის „ჯონათან ჯონიის” მიერ გავრცელებულ პოსტში საუბარია იმაზე, თითქოს ჯანგველაძეების ოჯახს კავშირი ჰქონდა ე.წ. „დედ ხასანის“ მკვლელობასთან. ეს ინფორმაცია არ არის გამყარებული არც ფაქტობრივი მონაცემებით, არც ოფიციალური წყაროებით და არც გადამოწმებული მტკიცებულებებით, ის წარმოადგენს დაუდგენელი ავტორის მიერ გავრცელებულ, თავისუფალი ინტერპრეტაციის შინაარსის პოსტს.
ერთ მხარეს დგას სოციალურ ქსელში გავრცელებული „ჯონათან ჯონის“ დაუდასტურებელი პოსტი, ხოლო მეორე მხარეს კი დეტექტივ რომიკო გოგიაშვილის პატაკი, რომელიც ასევე უცნობ „ოპერატიულ ინფორმაციას“ ეყრდნობა და ვერ ასახელებს წყაროს (თუმცა მათი შინაარსი ძალიან ჰყავს ერთმანეთს, რაც ასევე მძაფრ ეჭვებს იწვევს). შედეგად, იქმნება სურათი, როცა სამართლებრივი ბრალდება აგებულია არა გადამოწმებად ფაქტებზე, არამედ გაურკვეველი წარმოშობის ინფორმაციაზე, რომლის სანდოობის დადგენაც შეუძლებელია.
„ჯონათან ჯონი” და სხვა მსგავსი ანონიმური წყაროები ქმნის სახიფათო პრეცედენტს: ბრალდება შეიძლება დაეფუძნოს არა ფაქტებს, არამედ ჭორებს და გამოძიება შეიძლება გადაიხაროს დაუდასტურებელი ვერსიისკენ;
საბოლოოდ, რა არის ამ საქმის მთავარი პრობლემა?
თუ დასკვნის სახით შევაჯამებთ, მივიღებთ რომ:
• მოტივი დაუდასტურებელია
• ვერსიები ურთიერთგამომრიცხავი
• წინასწარი შეთანხმება არ მტკიცდება
• დაკვეთა არ დგინდება
• ფინანსური კავშირი არ არსებობს
• ინფორმაციის ჯაჭვი არ იკვეთება
ეს ნიშნავს, რომ ბრალდების კონსტრუქცია ჩამოშლილია: თუ არ არსებობს მოტივი - არ არსებობს გადაწყვეტილება; თუ არ არსებობს გადაწყვეტილება - ვერ დგინდება ორგანიზება. სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულება უნდა არსებობდეს თითოეულ ელემენტზე ცალ-ცალკე და არა ზოგადი თეორიის დონეზე. ამ პირობებში საქმე ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელსაც მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ერთადერთი სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება არის ის, რომელიც ეჭვს ბრალდებულის სასარგებლოდ წყვეტს.
ეს არის საქმე ბრალდების მტკიცებულებების გარეშე, რომელიც გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულდეს.