საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთზე გარე განათების სისტემის განახლებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვა კმ24+00-კმ53+00 მონაკვეთზე არსებული განათების ქსელის დემონტაჟსა და ახალი სისტემის მოწყობას, ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე განათების ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 7 097 437 ლარია, ხოლო სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ასევე მოიცავს თბილისი-გორი-ზესტაფონი-სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთი-ბათუმისა და ვაზიანი-საგარეჯო-თოხლიაური-ბაკურციხი-წნორის მიმართულებებზე არსებული სატრანსპორტო კვანძების წრიული მოძრაობების განათების ქსელის მოწყობასა და განახლებას.
დეპარტამენტის მოთხოვნით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში უნდა შესრულოს, ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვითა და სამშენებლო პროცესის სათანადო ორგანიზებით.
შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო პერიოდი 3 წლით განისაზღვრება. ამ დროის განმავლობაში კონტრაქტორი კომპანია ვალდებული იქნება, საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზები.