აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შესაძლოა აგროსექტორში საინვესტიციო აქტივობა შეამციროს - „გალთ ენდ თაგარტი“ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე წერს.
მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოდელი პროექტების ხარისხის გაუმჯობესებას, კონტროლის გამკაცრებასა და სახელმწიფო რესურსების უკეთ მართვას ემსახურება, ცვლილებებს შესაძლოა უარყოფითი ეფექტიც ჰქონდეს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ინვესტორებისთვის.
„გალთ ენდ თაგარტის“ ინფორმაციით, გრანტების ჩარიცხვის გადავადება, რომელიც პროექტის დასრულებისა და ვალდებულებების შესრულების შემდეგ ხდება, კომპანიებს დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებას აიძულებს. ამასთან, აგროკრედიტის პროცენტის სუბსიდიის შემცირებამ და სუბსიდირების ვადის შემცირებამ შესაძლოა ინვესტიციების განხორციელება ნაკლებად მიმზიდველი გახადოს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი პირობები სექტორის მსხვილი მოთამაშეების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, თუმცა მცირე ფერმერებსა და დაბალი საწყისი კაპიტალის მქონე პროექტებს დაფინანსებაზე წვდომა გაურთულდებათ. შედეგად, მოკლევადიან პერიოდში აგროსექტორში ინვესტიციების მოცულობის შემცირების რისკი იზრდება.