განათლების მინისტრმა სკოლების განახლების პროგრამით ახალი ტენდერების გამოცხადება დააანონსა. გიორგი ამილახვრის თქმით, განათლების სამინისტრო სკოლების განახლების პროგრამის ახალი ფაზის დაწყებაზე მუშაობს, რომლის ფარგლებში ტენდერები უნდა გამოცხადდეს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. თუმცა. როდის გამოცხადდება ახალი ტენდერები არ დაუკონკრეტებია.
გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული განახლების მასშტაბური პროექტი უწყების ბიუჯეტიდან 915 მლნ ლარით ფინანსდება.
„ამჟამად ჩვენი სამინისტროს სისტემაში 170, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში 42 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხდება. რაც ჯამში 200-ზე მეტია. ბუნებრივია, ეს იწვევს გარკვეულ უხერხულობას მშობლებისთვის, ბავშვებისთვის, პედაგოგებისთვის, მაგრამ თუ ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთის მხარდამხარ არ დავდგებით, ამ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას უბრალოდ ვერ მოვაგვარებთ.
170 სკოლიდან 50-60 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია წელსვე დასრულდება. პროცესი კარგად მიმდინარეობს. დანარჩენი კი - მომდევნო წელს დასრულდება და ძალიან ცოტა სკოლა 2026 წელს გადავა.
ამის პარალელურად, უკვე ვმუშაობთ ახალი სკოლების ნუსხაზე, რომ გამოვაცხადოთ ახალი ტენდერები და ამით ინფრასტრუქტურული პროგრამის მეორე ფაზა დავიწყოთ. ეს უპრეცედენტო სასკოლო-ინფრასტრუქტურული განახლება ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამურად 915 მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ამილახვარმა.