თბილისში, ელბაქიძის აღმართზე „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანია შპს „საქანელა დეველოპმენტი“ 7 შენობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

შპს „საქანელა“ შეცვლილ პროექტის არქიტექტურის სამსახურთან უკვე ათანხმებს და შუალედური დასკვნაც მიღებული აქვს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის მიზანს წარმოადგენს შექმნას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც იქნება დატვირთული ყველა იმ ფუნქციით რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას.

კომპლექსში ყველაზე მაღალი საპროექტო შენობა-ნაგებობა „წარმოადგენს IV კლასის საცხოვრებელ შენობას, რომელიც შეესაბამება არსებულ ზონირებას. ობიექტი შედგება 2 მიწისქვეშა და 31 მიწისზედა სართულისგან“. პროექტის მიხედვით, შენობა მშენებლობის დაწყებიდან 48 თვეში დასრულდება.

„საერთო ჯამში ტერიტორიაზე ხდება 7 შენობის განთავსება. დაგეგმარების მიზანია მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება, სადაც განთავსდება, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული და დამხმარე ფუნქციის მქონე ფართები, შესაბამისი ავტო-საპარკინგე სისტემით (კანონმდებლობის შესაბამისად), ინფრასტრუქტურული ელემენტებითა და სარეკრეაციო სივრცით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

შპს „საქანელა დეველოპმენტს“ შპს „სილქ რიალ ისთეითი“ ფლობს, რომლის 95%-იც შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“ ეკუთვნის.