ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.
„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.
ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.
ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს