კომპანია "ზეფიროს ენერჯი" გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურბნისის მიმდებარედ 50-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ქარის ელექტროსადგურის გზშ ანგარიში უკვე წარედგინა და მისი განხორციელებისთვის შესაბამისი ნებართვის მოპოვება ესაჭიროება.

კომპანია "ზეფიროს ენერჯი" 2021 წელს დაფუძნდა და მას რამდენიმე აქციონერი ჰყავს, მათ შორის ყველაზე დიდი წილი 50% ეკუთვნის კომპანია "გრინ ენერჯი კაპიტალს", რომელიც არქი ჯგუფის ერთ-ერთ დამფუძნებელს, თენგიზ წულაიას ეკუთვნის. ასევე კომპანიის აქციონერები არიან - "გრევითი ინვესთმენთი" (13.3%); ლეტერენ (6.7%); "მენეჯმენტ ფროფერთი" (7.5%); "მანდალორ ლიმითედი" (7.5%) და "არევაკო ინვესთმენთს ლიმითედ" (7.5%).

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პროექტის განვითარებაში მონაწილე კომპანიებმა "გრევითი ინვესთმენთმა" და "ლატერენმა" 2024 წელს "თანაინვესტირების ფონდისგან" მტკვარი ჰესის პროექტი შეიძინა.

რაც შეეხება უშუალოდ ქარის ელექტროსადგურის პროექტს, წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მას 8 ტურბინა უნდა ჰქონდეს, რომელთაგან თითოეულის დადგმული სიმძლავრე 6.25 მეგავატ საათი იქნება.

აღნიშნული ტურბინები განთავსდება აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ჩრდილოეთით, უკვე არსებული ქარის ელექტროსადგურის მიმდებარედ.

პროექტის თანახმად, ქარის ელექტროსადგური აღიჭურვება ჩინური კომპანია Goldwind-ის წარმოების ქარის ტურბინებით. ტურბინის კოშკის სიმაღლე 105 მეტრი, ხოლო როტორის დიამეტრი კი 171 მეტრი იქნება.

განხორციელების შემთხვევაში, ეს საქართველოში უმსხვილესი ქარის ელექტროსადგური იქნება.

bm.ge