თბილისში 20-25-სართულიანი კორპუსები ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით მრავლდება. დედაქალაქის მკვიდრებმა კარგად იციან, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმება. მათ შორის ყველაზე მაღალი 79-სართულიანი იქნება, ხოლო ყველაზე პატარა - 23-სართულიანი. რას მოუტანს თბილისს უზარმაზარი კორპუსების მშენებლობა? - ამის თაობაზე "კვირის პალიტრა" გარემოს დამცველებს და სამშენებლო სფეროს სპეციალისტებს ესაუბრა.

"იპოდრომს სარეკრეაციო ზონის სტატუსი ისე მალულად შეუცვალეს, ვერც კი გავიგეთ"

ელენე ცერცვაძე, არქიტექტორი, დიზაინერი: - ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელ უბანზე - იპოდრომზე მოგიყვებით, სადაც დავიბადე და დღემდე ვცხოვრობ: როდესაც გამოცხადდა, რომ იქ ცენტრალ-პარკისა და ცათამბჯენების აშენებას აპირებდნენ, იპოდრომის დამცველთა ჯგუფი შევქმენით და ჩვენი უბნის დაცვა გადავწყვიტეთ. როცა კახა კალაძემ ეს პროექტი წარადგინა, მაშინვე მივხვდით, რომ იპოდრომის განადგურება­ რეალური ამბავი იყო. იქ ახლაც მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა და 6 ცათამბჯენი რომ აშენდება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოუვა ამ ტერიტორიას? დახმარებისთვის საკრებულოსაც მივმართეთ, დაგვპირდნენ, რომ იპოდრომს სარეკრეაციო ზონის სტატუსს არ შეუცვლიან, მაგრამ ეს სტატუსი ისე მალულად და მოულოდნელად შეცვალეს, არც გაგვიგია. ჯერჯერობით ჩვენმა პროტესტმა ვერ გაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი. ორი კორპუსის მშენებლობის ნებართვაზე მოთხოვნა არქიტექტურის სამსახურში 2024 წლის 31 დეკემბერს შევიდა და ორივე პროექტი განხილვის პროცესშია. მერიის არქიტექტურის სამსახურს პასუხის გაცემის ვადა 2025 წლის 7 თებერვლამდე აქვს. ვინც არ იცის, დავუმტკიცებ, რომ იპოდრომის ტყე უდიდესი მნიშვნელობის ადგილია. ამ ადგილას 43 და 76-სართულიანი კორპუსების აშენება ქალაქის კოლაფსს ნიშნავს. თბილისი ისედაც საცობების ქალაქია, თუ ამგვარ განაშენიანებას გავაგრძელებთ, ეს ქალაქი გაუვალი გახდება და ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსება. ჩვენი ჯგუფის იურისტებმაც კი ვერ მოიპოვეს ერთი პატარა კომენტარი ვერც მერიისგან და ვერც "ცენტრალ-პარკ ავენიუსგან", რომელიც ამ ცათამბჯენების აშენებას აპირებს და რომლის ხელმძღვანელი ბიზნესმენი ვასილ ფხაკაძეა.

ამ პატარა ქალაქს ამერიკის დიდ ქალაქებს რომ ადარებენ, ძალზე სევდიანი ამბავია. თბილისის ქუჩებს ისეთი გამტარუნარიანობა არა აქვს, როგორც ნიუ-იორკს ან ლოს-ანჯელესს. ის ცათამბჯენების ქალაქად ვერ გადაიქცევა თუნდაც იმიტომ, რომ აქ ვიწრო, პატარა ქუჩებია. ჯერ დიდი ცათამბჯენები არა გვაქვს და უკვე ვეღარ ვსუნთქავთ, 50-70-სართულიანი სახლები რომ აშენდება, მერე რა მოხდება?! ქალაქის ბევრ უბანში უკვე გადაადგილება შეუძლებელია, როგორც ყველა, მეც ვცდილობ ფეხით ვიარო ან მეტროში ჩავიდე, რაც არასწორი განაშენიანების შედეგია. უზარმაზარმა კორპუსებმა ქალაქის იერიც დაამახინჯა, ზოგიერთ უბანში ხალხი ვეღარც მზეს ხედავს და ვეღარც სუნთქავს. ვისაც აინტერესებს, როგორია კორუფციის და არაპროფესიონალიზმის შედეგი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიეროს.

"როდესაც მიჯრით უზარმაზარ კორპუსებს აშენებენ, უნდა გაიხსენონ, რომ ამ კორპუსებში ხალხმა უნდა იცხოვროს"

თეა გოდოლაძე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი: - ვინც თბილისში 30-40-სართულიან კორპუსებს აშენებს, კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ - ეს ფაქტორი მშენებლებმა­ უპირველესად უნდა გაითვალისწინონ. ამას ემატება დედაქალაქის გეოლოგიური­ მონაცემებიც. საერთოდ, სეისმურად აქტიურ და არასტაბილურ რეგიონებში მაღალსართულიანი შენობების აგება და გრუნტის დატვირთვა მიზანშეწონილი არ არის. როდესაც მიჯრით უზარმაზარ კორპუსებს აშენებენ, უნდა გაიხსენონ, რომ ამ კორპუსებში ხალხმა უნდა იცხოვროს. ჩვენს ოპონენტებს მაშინვე ამერიკის მაგალითი მოჰყავთ, მაგრამ ამერიკაში სად ნახეთ მაღალსართულიანი შენობები სეისმურად აქტიურ რეგიონებში? ის, რასაც ამერიკული ქალაქების ცენტრში ვხედავთ, გამონაკლისია, რადგან ნამდვილი ამერიკა ერთსართულიანი სახლების ქვეყანაა. ასეთი ქაოსური მშენებლობა მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც ურბანული განვითარების სწორი გეგმა არ არსებობს. სწორედ ამის გამოხატულებაა იპოდრომი, რომელიც რეკრეაციული ზონა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინ გააჩერა? ცათამბჯენის აშენებას­ ბევრი რამის გათვალისწინება სჭირდება,­ რადგან მისი რეაქცია მიწისძვრის დროს სულ სხვანაირია, სტიქიის დროს ცათამბჯენი გაცილებით საშიშია, ვიდრე დაბალსართულიანი სახლები. ეს კარგად გამოჩნდა თურქეთში, სადაც ენით უთქმელი ტრაგედია დატრიალდა, მით უმეტეს, რომ თურქეთის სამშენებლო ინდუსტრია გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩვენი. ამტკიცებენ, მიწისძვრები იაპონიაშიც ხდება, მაგრამ მაღალ კორპუსებს მაინც აშენებენო. კი მაგრამ, იცით, იაპონიის სამშენებლო მასალები როგორი ხარისხისაა? ან იქაური მშენებლების და ინჟინრების განათლებას რატომ ვედრებით? სათანადოდ დატრენინგებული მშენებლებიც კი აღარ გვყავს და მგონი, ამ ყველაფერზე დაფიქრება ღირს.

"პრობლემა ცათამბჯენებში კი არ არის, ქალაქის განვითარების გეგმაშია"

შოთა გუჯაბიძე, ეკონომიკის დოქტორი, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი: - ცოტა შაბლონურია მოსაზრება, რომ სეისმურ ზონაში მშენებლობა ცუდია. დიახ, თბილისი სეისმურად აქტიურ ზონაშია, მაგრამ არის ადგილები, სადაც მშენებლობა შეიძლება, ამიტომ გეოლოგებმა უნდა დაადგინონ, ქალაქის რომელ უბანში რა ტიპის მშენებლობა შეიძლება და რა ტიპის - არა. მეორე მხრივ, თანამედროვეობის და კლასიკის შერწყმა ყველა ქალაქს უხდება: თუ ვენას, პარიზს ან სტამბოლს მოუხდა, თბილისმა რა დააშავა? ცათამბჯენი ცუდი მაშინ იქნება, თუ პარლამენტის ეზოში ან ქაშუეთის წინ ააშენებენ... პირიქით, ცათამბჯენი კარგი რამ არის, რადგან ეკონომიკურ აქტივობას უწყობს ხელს, მაგრამ ჯერ უნდა დადგინდეს, ამხელა დატვირთვას ქალაქის ეს ნაწილი აიტანს თუU ვერა? ბევრ უბანში დღესაც არის საცობების პრობლემა, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიხარ და ცათამბჯენების მშენებლობა სიტუაციას ხომ არ დაამძიმებს? ცნობილ ევროპულ და ამერიკულ ქალაქებში ნებისმიერი მშენებლობა რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება, ჩვენთან კი ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი და ქალაქის განვითარების სწორი, გონივრული სტრატეგია არ არსებობს. დღევანდელ სამყაროში ტექნიკურად ყველაფერი შესაძლებელია. თანამედროვე არქიტექტურას შეუძლია კორპუსები ოკეანის ფსკერზეც ააშენოს. მაგალითად, ჩინეთში 30-40-სართულიან სახლს ერთ კვირაში აწყობენ და ის ყველა მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს. ამიტომ პრობლემა ცათამბჯენებში კი არ არის, ქალაქის განვითარების გეგმაშია. სწორედ ის განსაზღვრავს, სად რა შეიძლება აშენდეს. რამდენიმე ცათამბჯენის აშენება სწორად შერჩეულ ადგილებში თავისუფლად შეიძლება და ამაში ტრაგიკული არაფერია.

მედიამ ამ პრობლემებზე თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარესთან, რევაზ სოხაძესთან საუბარიც სცადა, მაგრამ, როგორც "კვირის პალიტრა" იუწყება, მან კომენტარის გაკეთებას თავი აარიდა.