„სასურველია, ტრამვაის ერთი პირდაპირი ხაზი დიდი დიღმიდან პირდაპირ საბურთალოს მიმართულებით გაკეთდეს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა განუცხადა. თუმცა მისივე თქმით, მანამდე ყველაფრის წინასწარ კარგად შესწავლა და დაგეგმვა უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო სამუშაოების Design Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით კი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. ხაზის სიგრძე 7.5 კმ იქნება, ტრამვაის შემადგენლობა - 10, ხოლო გაჩერებების რაოდენობა - 11. ერთი ვაგონი არანაკლებ 300 მგზავრს გადაიყვანს.

„2 წლის წინ მიიღეს თბილისის სატრანსპორტო განვითარების გენერალური გეგმა, რომლის ერთ-ერთი რეკომენდაცია, დიდი დიღმიდან, სარელსო ტრანსპორტის მეშვეობით, ქალაქის ცენტრში მოხვედრა იყო. ცხადია, ასეთ დროს ხდება გათვალისწინება, როგორც არსებული განაშენიანების სპეციფიკის, ასევე სამომავლო სამშენებლო პერსპექტივების, რაც დიდ დიღომთან მიმართებით ნამდვილად აქტუალური უნდა იყოს.

ორი აზრი არაა, რომ ნებისმიერი დამატებითი ტრანსპორტი ქალაქში მოძრაობის განტვირთვას ხელს შეუწყობს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია: მოსახლეობა, ძირითადად, ქალაქის საქმიან უბნებში - ვაკე-საბურთალოსკენ და მის სიახლოვეს მოძრაობს, ასეთ შემთხვევაში, დიდი დიღმიდან დიდუბეში მოხვედრა მაინც გადაჯდომის წინაპირობაა და დროს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ შესაძლებელია, ამ ხაზის შესაბამისი მიმართულებით გაგრძელებაზეც ვიფიქროთ, როგორც მინიმუმ, წერეთლამდე, საერთოდ სადგურის მოედნამდე დაგრძელება, ცხადია, კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.

მესმის, რომ ეს გრძელვადიანი პროექტია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს, თუმცა ჰიპოთეტურად ვიტყოდი, რომ სასურველია, ერთი პირდაპირი ხაზი დიდი დიღმიდან პირდაპირ საბურთალოსკენაც გაკეთდეს. აქ რამდენიმე კვანძი და შემაფერხებელი ტერიტორიაა, რაც სამუშაო პროცესს გაართულებს და ყველაფერი წინასწარ კარგად არის შესასწავლ-დასაგეგმი, თუმცა იმდენად მნიშვნელოვან მარშრუტზე ვლაპარაკობთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევის გაღებაა საჭირო“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ ბაბუნაშვილი.

www.bpn.ge