საქართველოში ჯამური 360 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების პროექტები სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციების საერთო მოცულობა $500 მილიონზე მეტია.

უწყების ცნობით, რამდენიმე ჰესის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, ნაწილი კი ჯერ კიდევ აქტიური სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე იმყოფება.

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოსთვის როგორც ეკონომიკური გაძლიერების, ისე ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და ყურადღება გამოვიჩინოთ აღნიშნული პროექტებისადმი, ისევე როგორც სხვა პროექტებისადმი, იმისთვის, რომ ყოველწლიურად სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად უზრუნველყოს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ზრდა“, — განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს გრძელვადიანი სტრატეგიის მიხედვით, ქვეყნის მიზანია, 2036 წლისთვის ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჰიდროენერგეტიკის განვითარებაა განსაზღვრული.

უწყების მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის წლიური გამომუშავების დაახლოებით 70-80% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. თუმცა, ჰიდროგენერაცია სეზონურია — გაზაფხულსა და ზაფხულში მდინარეების მაღალი ჩამონადენი ქვეყანას შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას აძლევს, ზამთარში კი შემცირებული ჰიდროლოგიური რესურსის გამო გენერაცია იკლებს.

ზამთრის დეფიციტის დასაფარად საქართველო ელექტროენერგიის იმპორტსა და გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებს იყენებს. სამინისტროს შეფასებით, ამ გამოწვევის შემცირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰესების განვითარება, რომლებიც წყლის დაგროვებას და მისი ზამთარში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ამასთან, 360 მგვტ-ის მიმდინარე პროექტების გარდა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა 1 000 მგვტ-ზე მეტი ჯამური სიმძლავრის ჰესების პროექტები. მათი სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება, სამინისტროს ინფორმაციით, $1.7 მილიარდს შეადგენს.

მიმდინარე პროექტებს შორისაა კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე „სტორი ჰესის“ კასკადი, რომლის მშენებლობაც დასასრულს უახლოვდება. პროექტი 25-მგვტ-იან „სტორი ჰესსა“ და 12-მგვტ-იან „სტორი 2-ს“ მოიცავს. კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 37.6 მგვტ იქნება, წლიური სავარაუდო გამომუშავება კი 208 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

სამინისტროს ცნობით, „სტორი ჰესი“ ერთიან ენერგოსისტემას წლის ბოლომდე უნდა შეუერთდეს. სადგურის ქსელში ინტეგრირება 110-კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით „სტორი ჰესი–ახალი თელავი“ განხორციელდება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლაც ჰესთან ერთად იგეგმება.

ახალი გენერაციის სიმძლავრეების პარალელურად, სახელმწიფო შიდა ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებაზეც მუშაობს. გეგმა ითვალისწინებს ახალი ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები ახალი გენერაციის ობიექტების ქსელში ინტეგრირებასა და ენერგოსისტემის სტაბილურობის გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს.