საქართველოს რკინიგზა საბჭოთა დროინდელი ელმავლების და თბომავლების შეკეთებისთვის ტენდერს აცხადებს, რისთვისაც 270 430 671 მილიონი ლარს ითვალისწინებს.
საქმე ეხება 26-36 ელმავალსა („ვლ10“, „ვლ11“) და თბომავალს („ჩმე3“), რომლებიც გამოშვებულია 1968- 1989 წლებში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული თვე.
გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, ელექტრონული ვაჭრობის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ხოლო ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
მოთხოვნილია, რომ შემკეთებელ საწარმოს ბოლო სამი წლის განმავლობაში გააჩნდეს არანაკლებ 10 ცალი „ვლ“ სერიის მაგისტრალური მიმოსვლის ელმავლის (ნაწარმოები/აშენებული არაუადრეს 1980 და არაუგვიანეს 2000 წლებისა) და არანაკლებ 5 ცალი „ჩმე“ სერიის სამანევრო თბომავლის (ნაწარმოები/აშენებული არაუადრეს 1980 და არაუგვიანეს 2000 წლებისა) "კრ-2“ მოცულობის საქარხნო კაპიტალური შეკეთების გამოცდილება. ამ ყველაფრის დასტურად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები.
ლოკომოტივების საბოლოო მიღება-ჩაბარება საცდელი გარბენის ჩატარების შემდეგ გაფორმდება.
წინადადებების მიღება 25 იანვარს იწყება და 27 იანვარს დასრულდება.