„საქართველოს რკინიგზამ“ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელექტროლოკომოტივის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 350 მილიონი აშშ დოლარია, რაც მიმდინარე კურსით დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს. ერთი ლოკომოტივის სავარაუდო ღირებულება კი 7.77 მილიონი დოლარია (დაახლოებით 20.4 მილიონი ლარი).

შესყიდვა ხორციელდება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც თანაბარი მოცულობით — 175-175 მილიონი დოლარით — აფინანსებენ მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი (ADB). სატენდერო პროცესი მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესების შესაბამისად მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ „საქართველოს რკინიგზას“ არა მხოლოდ 45 ახალი ელექტროლოკომოტივი უნდა მიაწოდოს, არამედ მათი გრძელვადიანი ტექნიკური მომსახურებაც უზრუნველყოს.

პირველი ლოკომოტივი ხაშურის დეპოს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 27 თვეში უნდა მიეწოდოს, ხოლო დარჩენილი 44 ერთეულის მიწოდება ეტაპობრივად უნდა დასრულდეს ისე, რომ მთლიანმა კონტრაქტმა 55 თვეს არ გადააჭარბოს.

კონტრაქტი მოიცავს ლოკომოტივების დაპროექტებას, წარმოებას, ტრანსპორტირებას, გამოცდას, ექსპლუატაციაში გაშვებასა და მინიმუმ ორწლიან საგარანტიო მომსახურებას. ამასთან, პირველი ლოკომოტივის მიღების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებული იქნება ტექნიკური მომსახურება განახორციელოს როგორც საგარანტიო პერიოდში, ისე დამატებით 10 წლის განმავლობაში.

ტექნიკური მომსახურება მოიცავს სათადარიგო ნაწილების, სახარჯი მასალების, ძირითადი კომპონენტებისა და საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფას. აღნიშნული მომსახურების ხარჯებს „საქართველოს რკინიგზა“ საკუთარი სახსრებით დაფარავს.

ტენდერის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხაშურში ახალი ტექნიკური მომსახურების ცენტრის აშენებაა. გამარჯვებულმა კომპანიამ საკუთარი ხარჯით უნდა დააპროექტოს, ააშენოს, აღჭურვოს და ექსპლუატაციაში გაუშვას თანამედროვე დეპო, რომელიც მინიმუმ 45 ლოკომოტივის მომსახურებას შეძლებს.

ამისთვის „საქართველოს რკინიგზა“ კომპანიას ხაშურის მოქმედი დეპოს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს უსასყიდლოდ გადასცემს ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადით. ამ პერიოდში დეპოსა და მის ინფრასტრუქტურაზე საკუთრების უფლება მიმწოდებელს ექნება.

სატენდერო პირობებით, მონაწილეებს შესაბამისი გამოცდილებაც მოეთხოვებათ. კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი კონტრაქტი, რომელიც თითოეულ შემთხვევაში არანაკლებ 10 მაგისტრალური ელექტროლოკომოტივის მიწოდებას ითვალისწინებდა. ასევე აუცილებელია მინიმუმ ერთი პროექტის გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც 20-ზე მეტი ლოკომოტივის ტექნიკური მომსახურება ან კაპიტალური შეკეთება განხორციელდა.

მწარმოებელს მსგავსი ტიპის ლოკომოტივების წარმოების მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ხოლო ამ პერიოდში რომელიმე ერთ წელს მისი საწარმოო სიმძლავრე არანაკლებ 18 ლოკომოტივი უნდა ყოფილიყო.

ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, შეთავაზებული ლოკომოტივები აპრობირებულ ტექნოლოგიებზე უნდა იყოს დაფუძნებული და კომერციულ ექსპლუატაციაში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში წარმატებით გამოყენებული. პრეტენდენტებმა ასევე უნდა დაადასტურონ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და წარმოადგინონ რისკების მართვის გეგმა.

ტენდერში წინადადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 30 ოქტომბერია. პროცედურა ორეტაპიანი და ორკონვერტიანი ფორმატით ჩატარდება — თავდაპირველად ტექნიკური წინადადებები შეფასდება, ხოლო ფინანსური შეთავაზებები მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება.

შეფასებისას ფასს 60%-იანი წონა ექნება, ხოლო ტექნიკურ და სხვა არაფასობრივ კრიტერიუმებს — 40%.

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კომპანია ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელექტროლოკომოტივებს პირველად შეიძენს. კომპანიის შეფასებით, პროექტი რკინიგზის 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობის გაზრდასა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

ამჟამად „საქართველოს რკინიგზას“ 99 ლოკომოტივი ჰყავს, საიდანაც ექსპლუატაციაში 91 ერთეულია. მოქმედი პარკის უმეტესი ნაწილი — 78 ლოკომოტივი — 35 წელზე მეტისაა, რის გამოც კომპანიისთვის ტექნიკის განახლება ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო მიმართულებად განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ 10 ელექტროლოკომოტივის შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულად რუსული კომპანია „Уральские локомотивы“ გამოავლინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამფლობელი „Sinara Holding“ აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა, 2024 წელს ხელშეკრულება შეწყდა.