ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებამ“ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ჩანს, რიკოთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის/გზის ერთ-ერთი ბურჯის დემონტაჟი. „დროების“ ცნობითვე, სვეტი ღამის 03:00 საათისკენ გაბურღეს და წააქციეს.
ფაქტი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ bm.ge-სთან დაადასტურა. უწყების პრესსამსახურის მოწოდებული განმარტების თანახმად, რიკოთზე გზის ერთ-ერთი სვეტის დეფექტი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიამ გამოავლინა და სწორედ ამის გამო გადაწყდა მისი დემონტაჟი.
ამასთან, სამინისტროში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში, ყველა დამატებით ხარჯს მშენებელი კომპანია ანაზღაურებს.
სამინისტროს განმარტებას BMG უცვლელად ავრცელებს:
„რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობას ზედამხედველობენ საერთაშორისო ტენდერით შერჩეული საზედამხედველო კომპანიები.
ზედამხედველობა მოიცავს მშენებელი კომპანიის მიერ ჩატარებული ყველა სახის სამუშაოს, მათ შორის, თითოეული ხელოვნური ნაგებობის, როგორც მოცულობის, ისე ხარისხის შემოწმებას.
ნებისმიერი სამუშაოს მიღება და ანაზღაურება დამკვეთის მიერ ხდება მხოლოდ საზედამხედველო კომპანიის შემოწმებისა და დადასტურების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველები გამოავლენენ შესრულებული სამუშაოს რაიმე სახის შეუსაბამობას, ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები იგეგმება საზედამხედველო კომპანიის მითითებით და დასტურით.
სიუჟეტში მოხსენიებულ შემთხვევაშიც, გზის ერთ-ერთი სვეტის დეფექტი გამოავლინა საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიამ „ JV of Soosung Engineering Co."DOHWA Consulting Engineers Co., Ltd". სვეტის დემონტაჟის სამუშაოები დაიგეგმა მათივე ტექნიკური გადაწყვეტილებით. ამასთან, დემონტაჟის სამუშაოები დაიგეგმა ღამის საათებში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადებზე მინიმალური ზემოქმედებისა და მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავს შემთხვევებში, ხარვეზის აღმოფხვრის ყველა დამატებით ხარჯს ანაზღაურებს მშენებელი კომპანია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს სწორედ იმას, რომ პროექტის განხორციელების პროცესში, სამუშაოების ნებისმიერი შეუსაბამობა მკაცრად კონტროლდება და რაიმე სახის გადაცდომის შემთხვევაში, ხდება სწრაფი რეაგირება“, - აცხადებენ სამინისტროში.