ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გადატანისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 40 მილიონი ლარის ტენდერი 25 აპრილს გამოაცხადა და მასში წინადადებების წარდგენა 28 მაისს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია "სითი და კომ" მიიღო, რომელიც სამინისტროს კლინიკის აშენებას 33.5 მილიონ ლარად სთავაზობდა, თუმცა სამინისტრომ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
25 აპრილს გამოცხადებული შესყიდვის მიხედვით, ტექნიკური დავალების მიზანს წარმოადგენს, ვაჟა ფშაველას N29-ში მდებარე შენობის სრული სარემონტო/სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო/სადემონტაჟო/დაშენების სამუშაოები, რომელიც შემდგომში გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო.
შენობა ამჟამად 1 200 კ.მ-ია. სამშენებლო პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და საერთო ჯამში 31 თვეს გასტანს. თავდაპირველ ეტაპზე, კონტრაქტორმა საპროექტო სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რომელთა ღირებულება 1 მილიონი ლარად არის შეფასებული.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამ საავადმყოფოს მშენებლობისთვის პირველი ტენდერი მიმდინარე წლის მარტში 50 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოცხადდა, თუმცა ის ჩაიშალა და აპრილის ბოლოს ხელახლა 40 მილიონის სავარაუდო ღირებულებით გამოცხადდა. მაგრამ ივნისში სამინისტრომ ეს ტენდერი შეწყვიტა.