ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების მაკომპენსირებელი ღონისძიება განსაზღვრა.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მშენებელი კომპანია ზონაში დადგენილი პარამეტრების შეცვლას მოითხოვს, მაგალითად, სამშენებლო პროექტის სიმაღლის გაზრდას ან ფუნქციურ ზონაში დადგენილი სახეობის ცვლილებას, კომპანიას მოუწევს თანხის გადახდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. თანხის ოდენობას კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ფართობის ღირებულების მიხედვით გამოთვლიან.
მაკომპენსირებელ მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით ქობულეთის საკრებულოს მიმართა მერიამ. საკრებულომ საკითხს მხარი დაუჭირა.
დამტკიცებული დებულების მიხედვით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის, კ2-ის გადამეტების შემთხვევაში, საკრებულომ მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრა მუნიციპალიტეტისთვის საცხოვრებელი ბინების ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში არსებული ფართობის ოდენობის შესაბამისი თვითღირებულების გადახდა.
ამ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინების ფართობი განისაზღვრება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] ნამატი საანგარიშო ფართობის 2%-ით. საკომპენსაციო ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მშენებლობის ნებართვის აღებამდეა გადასახდელი.
გადასაცემი ფართობის თვითღირებულება უნდა განისაზღვროს იმ აუდიტორული ფირმის დასკვნის საფუძველზე, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს აუდიტის უფლებამოსილება ან „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
მაკომპენსირებელი ღონისძიებები, ასევე გამოიყენება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში, ნამატი საცხოვრებელი ფუნქციის საანგარიშო ფართობის გათვალისწინებით.
მშენებელ კომპანიას ან ფიზიკურ პირს, კოეფიციენტის გადამეტების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური განუსაზღვრავს მაკომპენსირებელ ღონისძიებას.