საქართველოს მთავრობა ENKA-სთან ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ საარბიტრაჟო დავაზე აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს სასარგებლოდ 400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ძამაშვილის თქმით, კომპენსაციის დაკისრების საფუძველი აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ყოფილა. 2024 წელს თანხის გადახდის ვალდებულება პარიზის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით წარმოიშვა, რომლის გაუქმებასაც საქართველოს ხელისუფლება საფრანგეთის იურისდიქციაში ითხოვს.

„ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე“, — განაცხადა ძამაშვილმა.

მისივე განმარტებით, პარიზის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საქართველოს საქმე პარიზის სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და სწორედ საფრანგეთის იურისდიქციაში უნდა გადაწყდეს, დარჩება თუ არა არბიტრაჟის გადაწყვეტილება ძალაში. ძამაშვილის თქმით, მთავრობა ამ საქმეზე გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ბოლომდე არ ელოდება.

ამასთან, ENKA-მ პარიზში მიმდინარე დავის დასრულებას არ დაელოდა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აშშ-ში ცნობა-აღსრულების პროცედურა დაიწყო.

11 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილებით, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს მოთხოვნა, ამერიკაში მიმდინარე პროცესი საფრანგეთში არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საქმის დასრულებამდე შეჩერებულიყო, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, აშშ-ში ENKA-ს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურა გაგრძელდება.

ძამაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და საქართველოს მთავრობა მის გასაჩივრებას გეგმავს.

„საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფო ინტერესებს“, — განაცხადა მან.