საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამტკიცებული „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს „სპორტის აკადემია 2025“-ს, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. პროგრამის პირობების მიხედვით, ინვესტორი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები, პადელის კორტები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ან განვითარების საინვესტიციო პროექტს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.