„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ (GRDC) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ყარალაშვილი ამბობს, რომ ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიის აღდგენასთან დაკავშირებით კვლავ მუნიციპალიტეტისგან სამშენებლო ნებართვის მიღების მოლოდინში არიან. მან ამის შესახებ BM.GE-სთან განაცხადა.

საუბარია გასული წლის აპრილში დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტზე, სადაც კომპანია დაახლოებით 20 000 კვ.მ. თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო სივრცის აშენებას და 400-მდე დაზარალებული მოვაჭრისთვის სამუშაო ადგილების დაბრუნებას გეგმავს.

ლევან ყარალაშვილი იმედოვნებს, რომ მომდევნო თვის ბოლომდე დასრულდება ნებართვის მიღების პროცესი. მისი თქმით, სამუშაოებს 1 წელი დასჭირდება, კომპანიის მხრიდან კი დაახლოებით 12 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.

"მუნიციპალიტეტისგან ველოდებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. რაღაც თემები არის, რომელიც, ასე ვთქვათ, მუშა პროცესში მიდის, ზუსტდება. ბოლო შეხვედრა 10 დღის წინ გვქონდა მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ამ თემას მხარდაჭერა ექნებათ და ნუ მათი სურვილია, რომ საბოლოო ჯამში აღდგეს და გაკეთდეს, მაგრამ ნუ ჯერჯერობით პროცესი იწელება და იმედი მაქვს, რომ მარტის ბოლომდე ალბათ გავალთ ბოლოში.

საშუალოდ ერთ წელიწადს ვიღებთ ვადას, რომ დაწყებიდან, დაჩქარებული ტემპით შევძლოთ უკვე ახალი სტრუქტურის დადგმა და აშენება",- აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

წყარო: bm.ge