საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ფასთა ინდექსაციის გამოყენების წესი შეცვალა. მთავრობის №509 დადგენილებით, გაფართოვდა იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასების კორექტირება გავრცელდება, ხოლო კომპანიებისთვის განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადად 2026 წლის 10 დეკემბერი განისაზღვრა.
ცვლილებამდე ფასთა ინდექსაციის წესი მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვრცელდებოდა. ახალი დადგენილებით კი ის შეეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მის მართვაში არსებული სუბიექტების ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გაფორმებულ და გასაფორმებელ ხელშეკრულებებს, ასევე გამოცხადებულ და გამოსაცხადებელ ტენდერებს.
ცვლილება ასევე ითვალისწინებს მასალების გაძვირების დასაანგარიშებელი საბაზისო პერიოდის კორექტირებას. მიმდინარე და 2026 წლის 1 ივნისამდე გამოცხადებული ტენდერებისთვის საბაზისო პერიოდად 2026 წლის იანვრის ფასები განისაზღვრა, ნაცვლად 2025 წლის დეკემბრისა.
დადგენილების მიხედვით, მიმწოდებელმა კომპანიებმა ფასთა ინდექსაციის დროებითი წესით სარგებლობის მოთხოვნით შემსყიდველ უწყებებს არაუგვიანეს 2026 წლის 10 დეკემბრისა უნდა მიმართონ. ვადის დარღვევის შემთხვევაში ისინი ფასთა ინდექსაციის უფლებას დაკარგავენ.
მთავრობის დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.