„ოცნების“ მთავრობა თანახმაა მომზადდეს სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო პროექტირებისთვის საჭირო სამუშაოები [ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა, ინტერიერში და ექსტერიერზე ხარაჩოს მოწყობა] კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეისყიდოს.

შესაბამის განკარგულებებს ხელი „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 10 ივლისს მოაწერა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა. მიუხედავად იმისა, რომ „ტაძარში წყლის ჩადინების საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, საჭიროა გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა/ახლით ჩანაცვლება“. წინააღმდეგ შემთხვევაში „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“.

სააგენტო „ტაძრის საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობის მიზნით“ ტენდერის გარეშე ამ ეტაპზე 762 ათასი ლარის  დახარჯვას გეგმავს.

გამარტივებული წესით სამუშაოების შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად ძეგლთა დაცვამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2025 წლის 23 ივნისს მიმართა. შესყიდვების სააგენტომ თანხმობა მესამე დღეს, 26 ივნისს გასცა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობის მიზნით საჭირო სამუშაოების (ტაძრის გუმბათის დროებითი გადანურვის მოწყობის,
პროექტირების ეტაპზე ინტერიერში და ექსტერიერზე დროებით განსათავსებელი ხარაჩოს მოწყობისა და დაშლის სამუშაოების) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

„სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 1994 წლიდან სამთავროს მონასტერსა და ჯვრის მონასტერთან ერთად შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, სახელწოდებით „მცხეთის ისტორიული ძეგლები“.

2009 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-ე სესიაზე, მცხეთის ისტორიული ძეგლები გადატანილ იქნა საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში, ხოლო 2016 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიის გადაწყვეტილებით, მცხეთის ისტორიული ძეგლები დაბრუნებულ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

2018 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, შეასრულოს 2018 წლის თებერვალში განხორციელებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის /ICOMOS/ICCROM-ის ერთობლივი რეაქტიული მონიტორინგის მისიის მიერ მცხეთის ისტორიული ძეგლების, მათ შორის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის, საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე მიღებული რეკომენდაციები“.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლის, გელათის ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო, თუმცა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ძეგლს სერიოზული პრობლემები შეექმნა. 2023 წელს კი გელათის რეაბილიტაციის საკითხი მთავრობამ საპატრიარქოს გადაულოცა.

batumelebi.netgazeti.ge