2023 წელს შუა დერეფნის გასწვრივ „ვიწრო ადგილების“ გამოსავლენად, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, 10 პრიორიტეტული რეკომენდაცია წარმოაჩინა.
მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელების შედეგად, როგორც კვლევაშია აღნიშნული – დერეფნის არსებული ტვირთბრუნვა 2030 წლისათვის სამჯერ გაიზრდება.
რეკომენდაციები ეხება დერეფნის თითქმის ყველა სახელმწიფოს, როგორც ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას ასევე დერეფნის გაციფროვნებას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.
ერთ – ერთი რეკომენდაციით, დერეფნის „ვიწრო ადგილს“ საქართველოს სარკინგზო მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უკმარისობა წარმოადგენს.
ამონარიდი კვლევიდან – „საქართველოში სახეზეა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, განსაკუთრებით, ლოკომოტივების უკმარისობა, რაც ზღუდავს შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტის პოტენციალს, ზრდის საქართველოს მონაკვეთზე გადაზიდვების ხანგრძლივობას. აუცილებელია საინვესტიციო პროგრამის შემუშავების საფუძველზე მოძრავი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდა, რაც აამაღლებს მთლიანად დერეფნის გამზიდუნარიანობას“.
რამდენად აუცილებელია, საქართველოს რკინიგზაზე მოძრავი შემადგენლობის გასაზრდელად საინვესტიციო პროგრამის შემუშავება ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ანალიტიკას.
სადღეისოდ საქართველოს რკინიგზის სატვირთო მოძრავი შემადგენლობა – 4482 ერთეულისგან შედგება, სადაც 90 ლოკომოტივი და 4392 სატვირთო ვაგონია გაერთიანებული.
საქართველოს რკინიგზაზე 2015 – 2023 წლებში სატვირთო მოძრავი შემადგენლობის რაოდენობა (იხ.დიაგრამა) ყოველწლიურად მცირდება.
2015 წელს თუ რკინიგზის საკუთრებაში 7463 ერთეული სატვირთო ვაგონი იყო, 2023 წლის ბოლოსთვის 4392 ერთეულს ფლობს, ამ პერიოდში 41 % ით შემცირდა სავაგონო პარკის რაოდენობა.
ანალოგიური მდგომარეობაა სალოკომოტივო პარკთან დაკავშირებით, კერძოდ თუ 2015 წელს რკინიგზა 168 ერთეულ ლოკომოტივს ფლობდა 2023 წლისათვის – 90 ერთეულამდე 46 % ით შემცირდა.
სალოკომოტივო პარკში, ელმავლების რაოდენობა შემცირდა 36 % ით, თბომავლების – 63% ით.
იმისათვის, რომ შეფასდეს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა ექვემდებარება თუ არა შევსებას და პერიოდულ განახლებას, ამისთვის აუცილებელია გაანალიზდეს მოძრავი შემადგენლობის წლოვანება (იხ დიაგრამა).
საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის წლოვანების ჭრილში ანალიზით ირკვევა, რომ სატვირთო სავაგონო პარკის 64 % და სალოკომოტივო პარკის 62 % ის წლოვანება 35 წელს აღემატება.
წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ ბოლო 10 წლიან ჭრილში საქართველოს რკინიგზაზე ექსპლუატაციაში მყოფი მოძრავი შემადგენლობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, მის შევსებაში და განახლებაში მსხვილი ინვესტიციები არ მიემართება.
გამომდინარე იქიდან, შუა დერეფნის განვითარება სახელმწიფოებრივ პრიორიტეტს წარმოადგენს, მოძრავი შემადგენლობის შევსება და განახლება არამარტო საქართველოს რკინიგზის არამედ სახელმწიფოს უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.
საქართველოს რკინიგზაზე მოძრავი შემდგენლობის მდგომარეობის ანალიზი ერთობლიობაში ემთხვევა მსოფლიო ბანკის რეკომენდაციას.
არსებული მდგომარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ პირველ რიგში, საინვესტიციო რესურსების მიმართვა სალოკომოტივო პარკის განახლებაშია აუცილებელი, რადგანაც გაზრდილი ტვირთნაკადის პირობებში ლოკომოტივების უკმარისობა გამოიწვევს რკინიგზის გამზიდუნარიანობის მაჩვენებლის მკვეთრ შეზღუდვას.
2023 წელს საქარველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული 180 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი 10 ელმავლის შეძენის თაობაზე, რომელიც დღესაც გრძელდება, გამართლებულია მაგრამ არასაკმარისი.
დამატებით გასათვალისწინებელია, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის, მარაბდა – კარწახის მონაკვეთზე მოსალოდნელი ტვირთბრუნვის ზრდის პირობებში გადაზიდვებში საქართველოს რკინიგზის კუთვნილი ელმავლები უნდა ჩაერთოს, ასეთ პირობებში კი, მთელი ქსელისათვის მხოლოდ 10 ელმავლის შეძენა საკმარისი და ეფექტის მომტანი არ იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზის ეფექტიანობის მაჩვენებელი Adjusted EBITDA margin ი ბოლო წლებში მცირდება და 40 % იანი ნიშნულის ქვემოთ იმყოფება, გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდის რკინიზისთვის დაბრუნებით მოძრავი შემადგენლობის შევსების და განახლების სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება.
სადღეისოდ საქართველოს რკინიგზაზე ჯერ კიდევ დაშვებული არ არის კერძო კაპიტალით ფინანსურად ძლიერი სარკინიგზო ოპერატორების შემოყვანა და გაურკვეველია როდის იქნება დაშვებული, ამასთან რადგანაც შუა დერეფნის განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, აუცილებელია სახელმწიფოს ფინანსური ჩართულობით შემუშავდეს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების 10 წლიანი საინვესტიციო პროგრამა.
თანხების აკუმლირება – სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდის რკინიგზისთვის დაბრუნებით და სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური წყაროების კონსოლიდირებით განხორციელდება.
ცნობისათის ინფრასტრუქტურის და მოძრავი შემადგენლობის განახლებისათვის მრავალი სახელმწიფო მიმართავს აღნიშნულ მოდელს.
საინვესტიციო პროგრამის პირველი პაკეტი 500 ერთეული ვაგონის და 20 ერთეული ლოკომოტივის შეძენაზე იქნება შემუშავებული. პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფომ რკინიგზიდან მიღებული დივიდენდის და საბიუჯეტო თანხების კონსოლიდირებით 1 მილიარდი ლარი უნდა მიმართოს.
წყარო: transcor.ge