კომპანიები “თბილი სახლი” და MES Georgia სამშენებლო სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების პროცესში ერთვებიან – ინფორმაციას  ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ავრცელებს.

„პროგრამის ფარგლებში, რომელზე მიღებაც უკვე გამოცხადდა და 25 სექტემბრამდე გრძელდება, რეგისტრირებულ სტუდენტებს შეეძლებათ გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურების შესწავლა. სტუდენტები თეორიული სწავლების კომპონენტს კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში” გაივლიან, ხოლო პრაქტიკული სწავლება განხორციელდება კომპანიების “თბილი სახლი” და “MES Georgia”-ს საწარმოებში. 
პარტნიორობის ჩამოყალიბება მშენებლობისა და ინჟინერიის დუოს (დარგობრივი უნარების ორგანიზაცია) ძალისხმევით შედგა.

“ჩვენ ვეცადეთ, აღნიშნული კოლაბორაციის ინიცირების გზით, შეგვექმნა შესაძლებლობა, რომელიც სფეროთი დაინტერესებულ პირებს აღჭურვავს არამხოლოდ თეორიული ცოდნოთ, არამედ, მისცემს პრაქტიკულ გამოცდილებას. პარტნიორი კომპანიები - „თბილი სახლი” და „მოდერნ ევროპიან სოლუშენ“, რომლებმაც უკვე მოიპოვეს სასწავლო საწარმოს სტატუსი, უმასპინძლებენ სასწავლო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს თავიანთ ობიექტებზე. ამგვარი თანამშრომლობა ქმნის პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან რეალური სამუშაოსთვის და ეფექტურად პასუხობენ ბაზრის მოთხოვნებს. იმედი გვაქვს, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მაღალი კომპეტენციითა და მზადყოფნით შეხვდებიან შრომის ბაზრის გამოწვევებს” - ამბობს ლილე შალიკიანი, მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მენეჯერი და (პროფესიული განვითარების გუნდის მენეჯერი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია).

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 25 სექტემბრამდე, როგორც ონლაინ პლატფორმა vet.emis.ge-ს საშუალებით, ისე - მთელი საქართველოს მასშტაბით, რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტის საკითხი სამშენებლო ინდუსტრიისათვის განსაკუთრებულად აქტუალურია, სწორედ აქედან გამომდინარე, მშენებლობისა და ინჟინერიის დუო ჩამოყალიბების დღიდან, ზრუნავს სამშენებლო ინდუსტრიის კვალიფიციური კადრების დეფიციტის გადაჭრაზე როგორც პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ისე სხვადასხვა აქტივობებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.