ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს ქვეყნის პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება წარმოადგენს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა,  საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, იყოს კარგი პარტნიორი და დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, არის  აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი იმისთვის, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე, სადაც დინამიკა განსაკუთრებით მზარდია, ყოველწლიურად იზრდებოდეს ტვირთნაკადები“ - აღნიშნა მინისტრმა.

ამ მიმართულებაზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა  დაგეგმილ  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომ საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად გაზრდილი ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოს.

„მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში - გამოვყოფ საქართველოს რკინიგზას, სადაც, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  1 მილიარდი ლარის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ რკინიგზამ უფრო მეტი ტვირთი გაატაროს მოკლე ვადაში. ამის გარდა,  ძალიან აქტიურ ფაზაში გადავა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დიდი ღირებულების მომტანი არამხოლოდ საქართველოსთვის,  არამედ რეგიონისა და, რა თქმა უნდა,  შუა დერეფნისთვის“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში,  რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება. მარიამ ქვრივიშვილის ინფირმაციით,  ფაქტობრივად გაოთხმაგდება ის მოცულობა, რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაზიანის  აეროპორტი კიდევ უფრო დიდ ღირებულებას შესძენს ქვეყნის სატრანსპორტო მიმართულებებს, მისი ფუნქციონირება ასევე დადებითად აისახება ტურიზმისა და, ჯამურად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.