საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პერიოდული შეკეთების სამუშაოები ორ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს.
პირველი პროექტი მოიცავს 2.3-კილომეტრიან მონაკვეთს (კმ284–კმ286), სადაც უკვე დაწყებულია გზის საფარის განახლება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ასფალტ - ბეტონის ახალი საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შესრულდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 1.13 მილიონ ლარს შეადგენს და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მეორე პროექტი 6-კილომეტრიან მონაკვეთს (კმ293–კმ298) მოიცავს. სამუშაოები ანალოგიურ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს ითვალისწინებს — განახლდება ასფალტ - ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ მონაკვეთის რეაბილიტაციის ღირებულება 3.3 მილიონ ლარს შეადგენს და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ორივე პროექტი მიზნად ისახავს გზის უსაფრთხოების, გამტარუნარიანობისა და გადაადგილების კომფორტის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტრანზიტული ავტოტრანსპორტის გადაადგილების ხარისხს დასავლეთ საქართველოს ამ მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანში.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს