საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობების [კაშხლების] უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებლად უნდა შემუშავდეს ტექნიკური რეგლამენტი. რეგლამენტის შემუშავებაზე სამინისტრო USAID-თან თანამშრომლობდა, თუმცა დონორმა ორგანიზაციამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რის გამოც სამუშაოები სამინისტროს სახსრებით უნდა გაგრძელდეს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულებისთვის საჭიროა 192 ათას 275 აშშ დოლარი, რასაც სამინისტრო ტენდერის გარეშე დახარჯავს.
„ხაზგასასმელია, რომ საქართველოში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების [კაშხლები] უმრავლესობის საშუალო ასაკი აჭარბებს 62 წელს. მსოფლიოში არსებული მიდგომებით და დადგენილი პრაქტიკით, ეს ის ასაკია, როდესაც შესაძლოა მოხდეს მეტალის, ბეტონის და სხვა სპეციფიკაციების დაძველება, რაც მაღალი რისკია აღნიშნულ ობიექტებზე მრავალი ინციდენტისა და ავარიის გამოწვევის.
აქედან გამომდინარე, საჭიროა ნაგებობების მუდმივი ტექნიკური მონიტორინგი და კონტროლი. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციების დაკისრება, თუმცა ტექნიკური რეგლამენტის [ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ] არარსებობის გამო ვერ ხორციელდება კანონის აღსრულება.
საჭიროა იურიდიული/სამართლებრივი მომსახურების შესყიდვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა შემუშავდეს ექსპლუატაციაში მიღებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ნორმები და ჩამოყალიბდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის სისტემა“, – წერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს, 2025 წლის 24 აპრილის წერილში.
ამასთან „ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით აუცილებელია ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება, რომელშიც გაწერილი იქნება უსაფრთხოების ნორმები, რაც უზრუნველყოფს ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციას“.
ამავე განაცხადის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა მომზადდეს.
„ვინაიდან ჰიდროტექნიკურ ობიექტებზე ინციდენტებისა და ავარიების რისკი მაღალია მათი წლოვანებიდან გამომდინარე, საჭიროა შემჭიდროებულ ვადებში ხსენებული ობიექტების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება და უსაფრთხო ფუნქციონირების წესების განსაზღვრა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება აუცილებელია, რათა მოხდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობების მწყობრიდან გამოსვლის პრევენცია.
ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში კი, მომსახურების შესყიდვის პროცესი [კანონით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით] კიდევ უფრო გაჭიანურდება, რაც თავის მხრივ შეაფერხებს ზემოთ აღნიშნული რისკების პრევენციას“ – წერს სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 2025 წლის იანვარში მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის შეჩერებაზე.
„იმედია, კიდევ დიდი ხნით გაჩერდება“ – განაცხადა მაშინ კობახიძემ USAID-ის დახმარების შეჩერებაზე.
წყარო: "ბათუმელები"